საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის დეპარტამენტი, კოორდინაციას უწევს ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. დეპარტამენტი ხელს უწყობს სოციალურ მეცნიერებათა სფეროსა და მასთან გადაკვეთაში მყოფ სამეცნიერო დისციპლინებთან თანამშრომლობის საფუძველზე ინტერდისციპლინური მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების ხელეწყობას, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და სკოლების წარმომადგენლების, ასევე სხვა დაინტერესებული პირების სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობას, მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერას და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომებისა და სტატიების პუბლიკაციას. კვლევის დეპარტამენტის მიზანია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სკოლებთან თანამშრომლობით, იზრუნოს უნივერსიტეტის შიგნით კვლევითი კომპონენტის გაძლიერებაზე, განავითაროს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, დეპარტმენტის მთავარი პრიორიტეტებია: უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ხელშეწყობა შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამის საშუალებით, რომლის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ სამეცნიერო კვლევითი პროექტები და კონკურსის საფუძველზე კვლევის განსახორციელებლად დაფინანსება მიიღონ; სამოგზაურო გრანტების დაფინასებას, რაც გულისხმობს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მგზავრების მხარდაჭერას სამეცნიერო ღონისძიებებზე, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად; საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების თარგმანისა და რედაქტირების ხარჯების დაფარვას; სამეცნიერო ღონისძიებების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზების ხარჯების გამოყოფასა და მომავალში მეტ პროფესიულ ასოციაციასთან გაწევრიანებაში მხარდაჭერას.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებისა და სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი მომავალი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კვლევითი პროდუქტიულობის ზრდა უნივერსიტეტის მომავალი 7 წლის სტრატეგიული პრიორიტეტია. გასათვალისწინებელია, რომ მომავალი 7 წლის განვითარების საუნივერსიტეტო სტრატეგიაში პრიორიტეტად ემპირიულ და გამოყენებით კვლევებში არსებული დღევანდელი მაჩვენებლების (სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნების რაოდენობის, სამეცნიერო კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის რადენობისა და საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობის რაოდენობის ) მნიშვნელოვანი მატებაა დასახული.
მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსება
უნივერსიტეტის კვლევის დეპარტამენტში მოქმედებს მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში საუნივერსიტეტო სკოლების წარმომადგენლებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ წარმოადგინონ სამეცნიერო კვლევითი პროექტები და კონკურსის საფუძველზე კვლევის განსახორციელებლად დაფინანსება მოითხოვონ. წარდგენილ პროექტებს განიხილავს დეპარტამენტის სამეცნიერო საბჭო. თითოეული წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში ინსტიტუტის კვლევითი ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა შეადგენს 3,000.00-5,000.00 ლარს. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ბიუჯეტის გაზრდა, პროექტის მასშტაბურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. საბჭო განიხილავს თანადაფინანსების მიზნით წარდგენილ პროექტებსაც. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ინსტიტუტის ძირითად სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებს და აუცილებელი პირობის სახით გულისხმობს მასში სტუდენტების, პირველ რიგში დოქტორანტების, და ასევე მაგისტრანტებისა და ბაკალავრების მონაწილეობას.
ამ ეტაპზე დაფინანსებულია 9 კვლევითი პროექტი. 2018 წლის პირველ ნახევარში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 16725 ლარს,
2018 წელს დაფინანსებული პროექტები:
- გიორგი თურქია - Entrepreneurial უნივერსიტეტის პერსპექტივა საქართველოს განათლების ბაზარზე;
- ანა ქეშელაშვილი - სოციალური მედიის კონტენტის ვერიფიკაცია: ახალი ამბების მედია პრაქტიკისა და სწავლების კვლევა;
- მანანა გაბაშვილი - განწყობის და სტრესის ექსპერიმენტული კვლევის საკითხები.
სამოგზაურო გრანტები
კვლევის დეპარტამენტი ზრუნავს ინტერნაციონალიზაციის საკითხზე და შუამდგომლობას უწევს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს სამოგზაურო გრანტების დაფინანსების საკითხში. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დაფინანსების მოთხოვნით შემოსული განცხადებების საფუძველზე დაფინანსდნენ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად. უნივერსიტეტი პერმანენტულად აფინანსებს სამართლის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მხარდაჭერა
უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. უნივერსიტეტი ხელს უწყობს საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას კვლევის დეპარტამენტის ბიუჯეტში არსებული მიზნობრივი დაფინანსებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისითაც. ბოლო პერიოდში ჩატარებული კონფერენციებიდან მნიშვნელოვანი იყო 2 საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზებისთვის GIPA-ს ბიუჯეტის გარდა ასევე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო მხარდაჭერაც:
- ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით, აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ: ტროის უნივერსიტეტი (ალაბამა, აშშ) და GIPA-ს კვლევის დეპარტამენტი (23-24 თებერვალი, 2017, თბილისი);
- საერთაშორისო კონფერენცია მეწარმეობა და განათლება, ორგანიზებული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის (MSM) (ჰოლანდია) მიერ (30 ივნისი, 2017, თბილისი).
დოქტორანტთა მხარდაჭერა
სადოქტორო პროგრამის განვითარების მიმართულებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, უნივერსიტეტის ფარგლებში 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან GIPA-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის დაინერგა გარკვეული მხარდაჭერის მექანიზმი. უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ იმ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელთა სადოქტორო დისერტაციები დასრულების ეტაპზეა, შეუძლიათ ისარგებლონ ანაზღაურებადი აკადემიური შვებულებით (ე.წ. research sabbatical).
უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტი სადოქტორო კვლევის ფარგლებში განსახორციელებელი ემპირიული მონაცემების შეკრებისა და გაანალიზებისთვის დოქტორანტ სტუდენტებს სთავაზობს სასტიპენდიო დაფინანსებას (Ph.D Research Support Scholarship), რომლის ფარგლებშიც, კოლოქვიუმის წარმატებით გავლის შემდეგ, კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო საბჭოს მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ ემპირიული კვლევებისა და საველე სამუშოების ხარჯები.
პროფესიულ ქსელებსა და ასოციაციებში გაწევრიანების ხელშეწყობა
კვლევის დეპარტამენტის ინიციატივით, 2017 წლის ივნისში შეიქმნა საჯარო მმართველობის კვლევითი ორგანიზაციების ქსელი (Public Administration Research Organizations Network, PARON), რომელშიც გაწევრიანებულები არიან შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI); კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა და თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი. განისაზღვრა ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, შემუშავდა საპროექტო განაცხადი საჯარო მმართველობის რეფორმის შეფასებისათვის. GIPA, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროფესიული ასოციაციის წევრია. მათ შორის, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, NASPAA-ს და NISPAcee-ს პროფესიულ ქსელებში გაწევრიანება. GIPA წარმოადგენს პოსტ-საბჭოურ სივრცეში ერთადერთ ინსტიტუციას, რომელიც 2013 წელს შექმნილი მოძრაობის Cost Action (Femiside across Europe) წევრია და ერთ-ერთია ევროპის 27 ქვეყნის მკვლევრებს შორის, რომელიც მეცნიერულ დონეზე სწავლობენ ფემიციდის პრობლემას.მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი არის European Journalism Training Association - EJTA)-ს ნევრი, რომელიც აერთიანებს ევროპის 32 ქვეყნის 76 უნივერსიტეტს, მათ შორის 2015 წლიდან GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლასა და სკოლის პარტნიორ ისეთ ევროპულ უნივერსიტეტებს, როგორიცაა Artesis Plantijn Hogeschool და Haaga-Helia University of Applied Sciences (http://www.ejta.eu/list-members). საუნივერსიტეტო მხარდჭერა ამ სისტემებთან ასოცირების საწევროების ყოველწიური გადასახადის დაფარვით არის უზრუნველყოფილი, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებში გაწევრიანებით სამეცნიერო კვლევითი პროდუქტიულობის ინდიკატორების ზრდაზე იმოქმედებს.
კვლევითი, პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია
იმის დასტურად, რომ უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს კვლევითი, პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაზე, წარმოგიდგენთ რამდენიმე საერთშორისო, კვლევის ხელშეწყობისა და განვითარებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო პროექტს:
- ამერიკულ უნივერსიტეტებთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული საგრანტო პარტნიორობის პროგრამების ფარგლებში, რასაც საქართველოს მხრიდან მენეჯმენტს უწევდა ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ჟურნალისტიკის სკოლამ აქტური თანამშრომლობა დაამყარა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტთან, მმართველობის სკოლამ - ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან, სამართლის და პოლიტიკის სკოლამ კი ტროის ალაბამას უნივერსიტეტთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში გათვალისწინებული იყო აკადემიური პერსონალის მივლინებები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიქმნა ინგლისურენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი, გამოიცა საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული კვლევების კრებული.
- ინტერნაციონალიზაციის კუთხით აღსანიშნავია GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის 10 წარმომადგენლის სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის სადოქტორო პროგრამაზე სწავლისა და კვლევის გამოცდილება, რაც ამ ეტაპზე 2 დაცულ დისერტაციაში აისახა (Keshelashvili, A.(2014). Innovation among Georgian Journalism Educators: A Network Analysis Perspective. (Doctoral dissertation). Retrieved from https://scholarcommons.sc.edu/etd/2996; Mikashavidze, M.(2014). Social Movements, Media, and Democratization in Georgia. (Doctoral dissertation). Retrieved from https://scholarcommons.sc.edu/etd/2854).
- GIPA-ს პარტნიორობით, ჯორჯიის უნივერსიტეტი (აშშ) თბილისში ატარებს საუნივერსიტეტო კვლევის ინტენსიურ პროგრამას საჯარო მმართველობაში, რომლის მიზანია ქართველი მკვლევარების, მაგისტრებისა და დოქტორანტების კვლევითი უნარების გაუმჯობესება და დასავლურ სტანდართთან დაახლოება. პროგრამაში მონაწილეობენ როგორც GIPA-ს თანამშრომლები, ასევე სხვა უნივერსიტეტების წარმოადგენლები. ერთთვიანი ინტენსიური კურსი მოიცავს ლექციებს კვლევის მეთოდებში, კვლევის პროექტის შემუშავებაში, კვლევის ჩატარებასა და შედეგების გამოსაქვეყნებლად მომზადებაში. პროექტს უძღვებიან ჯორჯიის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები. საბოლოო მიზანია მონაწილეთა მიერ კვლევის ჩატარება და საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნება. პროგრამის მონაწილეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესურისგან კონსულტაციების მიღება შესასრულებელ კვლევასთან დაკავშირებით.
- სამართლის და პოლიტიკის სკოლა აქტიურად მონაწილეობდა ტემპუსის პროექტში “Migration and Higher Education – Building Skills and Capacity” (517002 - UNIMIG), დღესდღეობით აგრძელებს თანამშრომლობას ერაზმუს+ პროექტში უმაღლეს განათლებაში მიგრაციის სწავლების წახალისება “Promoting Migration Studies in Higher Education” (573554 - PROMIG) კვლევითი კომპონენტის გაძლიერების კუთხით. სამართლის და პოლიტიკის სკოლის პროექტის ,ადამიანის უფლებების პროექტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტში (GIPA)’’ განხორციელდა არაერთი საინტერესო კვლევითი აქტივობა.
- სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში 2015 წლიდან მიმდინარეობს კვლევითი პროექტი “ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემების კვლევა განწყობის თეორიის საფუძველზე”, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მომზადდა მოხსენებები რიგით მესამე და მეშვიდე ევრაზიული მულტიდისციპლინარული ფორუმისათვის, გარდა აქტუალური საკვლევი საკითხისა, პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას მათი კვლევებში უშუალოდ ჩართვის გზით.
- მმართველობის სკოლის ფარგლებში ჩატარდა კვლევა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში მთავრობის რეფორმირების ფონდის პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც საქართველოს საჯარო სექტორში განხორციელებულ რეფორმათა ემპირიულ დონეზე განხორციელებული კვლევის შედეგების საფუძველზე იძლევა შეფასებებს.
- ჟურნალისტიკის სკოლის თანამშრომლები 2015 წლიდან დღემდე მონაწილეობენ IREX კვლევებში, მედია მდგრადობის ინდექსი საქართველო. კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://www.irex.org/resource/media-sustainability-index-msi.
- უნივერსიტეტის თანამშრომლების უმეტესობა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი კვლევით საქმიანობაში, რასაც ადასტურებს მათი მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის კვლევებში, კონფერენციებში და ა.შ. მაღალია GIPA -ს პროფესორების სამეცნიერო აქტივობების ინტერნაციონალიზაციის მაჩვენებლებიც, რაც ერთი მხრივ, გამოიხატება პროფესორთა მონაწილეობით გაცვლით, მათ შორის ერზმუს+ პროექტებსა და საზღვარგარეთ სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ვიზიტებში, ერთობლივ კვლევით და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში.
სტუდენტების ჩართულობა კვლევებში
უნივერსიტეტის სკოლებში განხორციელებულ კვლევებში ხშირად არიან ჩართულნი სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. მაგალითად, საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტები ჩართულნი იყვნენ კვლევაში „საჯარო მოხელეთა ტრენინგი და განვითარება ქართულ საჯარო სექტორში; უნივერსიტეტის მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი მცირე შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის აუცილებელი პირობაა პროექტებში სტუდენტების ჩართვა. აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების შერჩევის პროცესში პროექტების შეფასებისას განსაკუთრეული ყურადღება ეთმობა პროექტებში სტუდენტების ჩართულობას და ეს კრიტერიუმი საერთო შეფასების 20%-ს იკავებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა GIPA-ს მიერ მხარდაჭერილი სამეცნიერო პროექტების განხორციელების პროცესში.
სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სოციალურ და შემოქმედებით პროექტებში: ჟურნალისტიკის სკოლის ბაზაზე 2014 წლიდან არსებობს CG MULTILAB@GIPA კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს 2D და 3D ანიმაციია, მოძრავი გრაფიკის, სხვადასხვა სოციალური და კრეატიული სტარტაპ პროექტების მიმართულებით) და Art Factory of GIPA, რომელიც 2011 წლიდან კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას ემსახურება. სწავლის პერიოდშივე პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შექმნან შემოქმედებით, სოციალურ და კომერციული პროექტებს, რაც გარკვეული პრობლემების გადაჭრას ემსახურება. სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორები.