სამართლისა და პოლიტიკის სკოლა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლა (SLP) საბოლოო სახით 2007 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც მასში ინსტიტუტში არსებული სამართლისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამები გაერთიანდა. ამ ფაქტს საფუძველი ჩაუყარა GIPA-ში 2005 წელს პირველი ინგლისურენოვანი სამართლისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების შექმნამ. 

SLP-ს მთავარი მიზანი ისეთი დიპლომატების, იურისტების, სახელმწიფო მოღვაწეების, მმართველებისა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების აღზრდაა, რომელთა მთავარ ამოცანას ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების დანერგვა და სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცება წარმოადგენს. 

სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში არსებული სწავლების პრინციპები და მეთოდოლოგია კონკურენტულ გარემოს ქმნის, რაც მიზნად ისახავს ბაკალავრთა და მაგისტრთა სათანადო მომზადებას მომავალი წარმატებული კარიერისათვის. სკოლაში მოქმედებს თავისუფალი არჩევითი საგნების სისტემა და (კონცენტრაციის) მიმართულებები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროგრამები რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, სკოლას კურსდამთავრებულთა დასაქმების მეტად მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს მიღწევა ორი გარემოებითაა განპირობებული: კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობით (რომელიც ემყარება სკოლაში მათ მიერ შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს) და კურსდამთავრებულთა ახალი კონტაქტებით (რომელშიც შედიან სკოლაში შეძენილი მეგობრები და სკოლის პროფესურა/ლექტორები, რომლებიც კურსდამთავრებულებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით). ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა მაღალია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. 

სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი ფაკულტეტები: 

  1. სამართლის საბაკალავროო პროგრამა
  2. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
  3. საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
  4. საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა