ისტორია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს დაარსდა. 90-იანი წლებისათვის  GIPA  იყო ერთ-ერთი პირველი დასავლური ინოვაციური პროექტი, რომელიც ერთი სამაგისტრო პროგრამით დაიწყო. ამ მოვლენას წინ უძღოდა აშშ-ს  საინფორმაციო სააგენტოს, შემდგომში აშშ-ს დეპარტამენტთან არსებული განათლებისა და კულტურულ საქმეთა ბიუროს,  საქართველოს მთავრობისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიის, NAPA-ს შეთანხმება,  საქართველოში ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე სახელწოდებით: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

დაარსების დღიდან, GIPA-ს მთავარ მიზანს  განათლების სფეროში ახალი დარგის, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის განვითარება წარმოადგენდა. შესაბამისად, საწყის ეტაპზე, პროექტის მთავარი ამოცანა წელიწადში 30 კურსდამთავრებულისათვის მაგისტრის წოდების მინიჭება გახლდათ.   პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ამერიკის საინფორმაციო სააგენტო, ადგილობრივი მთავრობა, ბუდაპეშტის საჯარო სამსახური და ევრაზიის ფონდი ვაშინგტონში. ინტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვალეობას, ამერიკის საინფორმაციო სააგენტოს, "Fulbright"-ის პროგრამის წარომადგენლობა ასრულებდა.

შვიდ წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, 2000 წელს,  NAPA-ს დახმარებით  GIPA-მ  მოლაპარაკებები დაიწყო აშშ-ს საზოგადოებრივ საქმეთა და სახელმწიფო მმართველობის სკოლების ეროვნულ ასოციაციასთან (National Association of Schools of Public  Affairs and Administration, NASPAA), რაც  გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომავალი წარმატების საწინდარი გახდა.

პროექტის საწყის ეტაპზე, ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორებისგან დაკომპლექტდა. NAPA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი სამაგისტრო პროგრამას სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფდნენ, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების საშუალებით ქართველ ლექტორებს ცოდნას და გამოცდილებას  უზიარებდნენ, აქტიურად მონაწილეობდნენ ინსტიტუტის მართვაში. ეტაპობრივად ამერიკელი აკადემიური პერსონალი  მაღალკვალიფიციური ქართველი ლექტორებით ჩანაცვლდა, რომლებსაც გააჩნდათ დასავლური ცოდნა და ფლობდნენ თანამედროვე სწავლების მეთოდების უნარებს ფლობდნენ.

ორ  ათეულ წელზე მეტია, ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების, ტრენინგების და კონსულტაციების საშუალებით უნივერსიტეტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის სფეროს განვითარებაზე, როგორც სახელმწიფო, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. ამასთან ერთად, ინსტიტუტს დიდი წვლილი მიუძღვის  დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბებაში. 

GIPA - არის უნივერსიტეტი, რომლის ირგვლივ იკრიბებიან წარმატებული ადამიანები ბიზნესის, მედიის, სამართლის, სამოქალაქო საზოგადოების თუ საჯარო სამსახურის სფეროებიდან, რომლებიც სტუდენტებს მუდმივად უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას.

დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ოთხი სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, სხვადასხვა ტრენინგ კურსებს და კონსულტაციებს. უნივერსიტეტის პროგრამების სასწავლო კურიკულუმი ეფუძნება დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს, ეყრდნობა კვლევისა და ინტერაქტიული სწავლების პრინციპებს, სტუდენტებს აძლევს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს არაერთ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტთან.

დღესდღეობით GIPA   3000-მდე კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 90% წარმატებით საქმიანობს საჯარო და ბიზნეს სექტორში, კერძო, არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების პარალელურად,  GIPA წარმატებით ახორციელებს სხავდასხვა ტიპის პროექტებს, მართავს პირველ ინგლისურენოვან  სტუდენტურ რადიოს საქართველოში, რომელიც  მაუწყებლობს სიხშირეზე FM 94.3 (RADIO GIPA), აგრეთვე, პერიოდულად მასპინძლობს შეხვედრებს და მართავს დებატებს აქტუალურ საკითხებზე კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“.

GIPA წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო გრანტის მიმღები პატარა ორგანიზაცია გადაიქცეს მდგრად, განვითარებაზე ორიენტირებულ წარმატებულ ინსტიტუციად, რომელიც არსებობის განმავლობაში მაღალი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტის სახელს ატარებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

როგორც ამერიკის ელჩმა, იან კელიმ აღნიშნა: “GIPA არის ყველაზე წარმატებული ინვესტიცია, რაც კი ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში განუხორციელებია”.