გახსნითი საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან და პროექტის ბენეფიციარებთან

11 ოქტომბერი, 2024

2024 წლის 8 ოქტომბერს, შერატონ ბათუმში გაიმართა პროექტის „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემთა მედეგობის გაძლიერებისთვის - NBS-CORES“ გახსნითი საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან და პროექტის ბენეფიციარებთან.


შეხვედრას რეგიონის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების, სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.


პროექტი მიზნად ისახავს
ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების (NBS) გზით,  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცირებასა და მართვას, რაც პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში(ქობულეთი, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო და ბათუმი) თემების მედეგობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


აღნიშნული პროექტი ტრანსნაციონალური ხასიათისაა და შავი ზღვის აუზის სამ ქვეყანას (საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი) შორის
თანამშრომლობასა და ასევე, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს ოთხი ორგანიზაციის ჩართულობით: GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, „ეკოლუშენ საქართველო“, WRI Türkiye და ტყის კვლევის ინსტიტუტი - DIMITRA.


პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში და 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.