საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) საუნივერსიტეტო ფონდი დააფუძნა, რომლის მიზანი სტუდენტებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა გახლავთ.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფონდის შექმნა სტუდენტთა მხარდაჭერის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეტაპია. ის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და პარტნიორებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს და ახალგაზრდების მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფართოებს.
საუნივერსიტეტო ფონდის მეშვეობით, GIPA 2026 წელს და შემდგომ წლებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის დაფინანსების ახალ მექანიზმებს შესთავაზებს. ამასთან, ამავე ფონდის საშუალებით უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტებს საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელების მეტი შესაძებლობა ექნებათ. შედეგად, უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.
ინიციატივა არსებულ გამოწვევებზე უნივერსიტეტის პასუხს წარმოადგენს და განათლების საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საუნივერსიტეტო ფონდი სამართლიანობის, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს,- აცხადებენ GIPA-ში.
