2026 წლის 2 ივლისს GIPA-სა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია ETS Global-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც GIPA TOEIC (Test of English for International Communication)-ის ლიცენზირებული საერთაშორისო გამოცდის ოფიციალური ცენტრი გახდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ETS Global-ის დირექტორმა პერინ ფარჟმა და GIPA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თედო სანიკიძემ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ETS Global-ის წარმომადგენელი საქართველოში ნინო ჯოხაძე, GIPA-ს ენათა ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნათია ჭიღვარია და GIPA-ს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ანა ჩუთლაშვილი.
TOEIC-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ინგლისური ენის ტესტია, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო კომპანიებში, საჯარო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მისი სერტიფიკატი 160-ზე მეტ ქვეყანაშია აღიარებული. მას მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი აბარებს.
მემორანდუმის თანახმად, GIPA ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული ლიცენზირებული გამოცდის ჩატარების უფლების მქონე ოფიციალური წარმომადგენელი ხდება. “ეს პარტნიორობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია GIPA-სთვის, რათა ჩვენს სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მსოფლიო დონის სერტიფიკატის მოპოვების შესაძლებლობა მივცეთ. TOEIC- ის ოფიციალურ ცენტრად გახდომა ხაზს უსვამს ჩვენი უნივერსიტეტის ენათა ცენტრის მაღალ აკადემიურ სტანდარტს,“- აღნიშნა GIPA-ს ენათა ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ჭიღვარიამ.
პარტნიორობის ფარგლებში, GIPA უზრუნველყოფს TOEIC-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას, რაც სტუდენტებსა და პროფესიონალებს საქართველოში საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას მისცემს. პარტნიორები ერთობლივად დაგეგმავენ საგამოცდო პროცესის უმაღლესი საერთშორისო სტანდარტებით ადმინისტრირებას, რაც საქართველოში სამუშაო ძალის ინტერნაციონალიზაციასა და გლობალურ ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
საგამოცდო თარიღებისა და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია GIPA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
