2019 წლის 4 დეკემბერს Frontline Club Georgia-ში გაიმართა პანელ-დისკუსია თემაზე - „სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებები - აქტუალური გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოც. პროფესორები - ანა ნაცვლიშვილი და თინათინ ერქვანია, ამავე სკოლის პროფესორი კახა წიქარიშვილი. აგრეთვე, GIPA-ს
საჯარო მმართველობის სკოლის პროფესორი დავით ჯანდიერი.
პანელ-დისკუსია შეეხო სასამართლო ხელისუფლების სისტემაში ადამიანის
უფლებების განხორციელების პრობლემებს, აგრეთვე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ კონსტიტუციურ
გარანტიებს. განხილულ იქნა სასამართლო სისტემის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები (ე.წ. მეოთხე ტალღა). აგრეთვე,
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურები, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლები და ე.წ. სამოსამართლო კორპორატივიზმთან (კლანი) ბრძოლის სტრატეგიები. აღნიშნულ იქნა, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, სამოსამართლო კორპორატივიზმის (კლანი) წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის გათვალისწინებით და რომ მძიმე კრიტიკის საგნად ქცეული კანონმდებლობის ფარგლებში (იხ. „ვენეციის კომისიის“ დასკვნა, ეუთო/ODIHR-ის დასკვნა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლების თუნდაც უვადოდ დანიშვნა, ამ თვალსაზრისით, განსახორციელებელი რეფორმირების პროცესის შემაფერხებელი გარემოება ვერ იქნება. რადგან, შესაბამისი, თუნდაც მაგ. საკონსტიტუციო ცვლილებების/შესწორებების მიღების შედეგად, შესაძლებელია არსებული status quo-ს, მათ შორის, კანონმდებლობის შეცვლა იმგვარად, რომ სასამართლო ხელისუფლება გაიწმინდოს სამოსამართლო კორპორატივიზმის (კლანი) მანკიერი სისტემისაგან. პანელ-დისკუსია გაიმართა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, GIPA-ის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ინიციატივით. ადამიანის უფლებების კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიურიურთიერთგაცვლაა. მონაწილე უნივერსიტეტებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხებისშესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება.
2-10 დეკემბრის კვირაში, საქართველოს 15 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტების მიერ შეირჩა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე.
2019 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/33pvx3e
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.