21 თებერვალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა GIPA-ს მმართველობის სკოლის, გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიღება გამართა.
მინისტრმა გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა საჯარო სექტორში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ნაკლებობისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს აკადემიური სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაც გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირების პროცესში და ამ მიმართულებით ჯიპას გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობის აუცილებლობა.
მინისტრთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, GIPA-ს მმართველობის სკოლის დეკანი ირინა გორგილაძე, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.