სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
აქვს 30 წლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის, აგრობიზნესისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიმართულებით. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც მკვლევარი, ფერმერი, ლექტორი, პოლიტიკის შემქმნელი, მენეჯერი და რეფორმატორი.
1990 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი სპეციალობით – აგროქიმია და ნიადაგმცოდნეობა. პროფესიული საქმიანობა დაიწყო აკადემიურ სფეროში როგორც ლექტორმა, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტსა და გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის ინსტიტუტში. მოგვიანებით მუშაობა განაგრძო სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით.
1999–2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2000–2004 და 2012–2013 წლებში დავით კირვალიძე იკავებდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის თანამდებობას, სადაც ხელმძღვანელობდა სექტორულ რეფორმებს, რაც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, ფერმერებისა და ბიზნესის მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ექსპორტის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებში, სადაც მონაწილეობდა აგრარული პოლიტიკის, სოფლის განვითარების სტრატეგიებისა და სექტორული პროგრამების დაგეგმვაში.
დავით კირვალიძეს აქვს ფართო საერთაშორისო გამოცდილება სოფლის მეურნეობის განვითარების, მდგრადი პოლიტიკისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით. თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განვითარების პროგრამებთან, მათ შორის წარმოადგენდა საქართველოს მთავრობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO), მსოფლიო სასურსათო პროგრამასა (WFP) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში (IFAD).
2014 წლიდან დავით კირვალიძე არის საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციის Cultivating New Frontiers in Agriculture (CNFA) დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობითა და ექსპერტული ჩართულობით, სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი საერთაშორისო განვითარების პროექტი განხორციელდა.
2005-2006 წლებში მონაწილეობდა მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) აკადემიურ პროგრამაში, სადაც მუშაობდა მდგრადი სოფლის მეურნეობისა და გარდამავალი ეკონომიკისქვეყნებში სოფლის განვითარების საკითხებზე. არის ფულბრაიტის პროგრამის ყოფილი სტიპენდიატი.
2019 წელს იყო საქართველოს კანდიდატი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოზიციაზე.
დავით კირვალიძე აქტიურად აგრძელებს საქმიანობას აკადემიური, საჯარო და განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტით სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე, მდგრად განვითარებაზე, კერძო სექტორის გაძლიერებასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრია 2015 წლიდან.
