24 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილმა GIPA-ში საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი დაასრულა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს განვითარების საკვანძო ეტაპებზე, პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე ახალი კონსტიტუციის მიხედვით და მის როლზე საზოგადოებაში - სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვისა თუ ჯანდაცვის კუთხით. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეზღუდული ძალაუფლების პირობებში, მისთვის გადამწყვეტი სწორედ პრეზიდენტის საზოგადოებრივი როლი აღმოჩნდა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს.
საპრეზიდენტო კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ მიღებულ განათლებასა და მათი შესაძლებლობებისა და რესურსების სწორ მიმართვასა და მენეჯმენტზე - „ის რომ ადამიანი რჩება სხვა ქვეყანაში - ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან კავშირი უნდა დავკარგოთ“. მან, ასევე განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტები და მისი სურვილია, რომ განათლების ხელშეწყობა, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ერთ-ერთი მიმართულება იყოს, თუნდაც სიმბოლური ხასიათის. „ქვეყანა.... სადაც არ ფასდება ახალგაზრდების ინიციატივა, არის ის რაც ამ საზოგადოებას ყველაზე უფრო აკლია. სახელმწიფოს სჭირდება ახალი სისხლი და ინიციატივები. ეს იქნება, ერთ-ერთი ინიციატივა, რომელშიც მე ჩართული ვიქნები“.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრით, GIPA-ში საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი დასრულდა.
#presidentialelections2018