GIPA-ში საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. დღეს, სტუდენტებს პარტიის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატი - დავით ბაქრაძე შეხვდა.
დავით ბაქრაძემ მოკლედ მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ყურადღება გაამახვილა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და ისაუბრა მის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებზე - ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და პენსიების შესაძლო ზრდაზე.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი განათლების ხელშეწყობას საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მეშვეობით გეგმავს, მისი თქმით სარეზერვო ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება სწორედ ახალგაზრდების და სხვა და სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების სწავლის დაფინანსებასა და მათთვის განათლების შესაძლებლობის მიცემისკენ. რაც შეეხება პენსიების ზრდას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არ არის საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის და მომავალი პრეზიდენტის ვალდებულებაა მიმართოს საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენელს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა, შესაბამისად სწორ დროს, სწორი საკითხის დაყენებით და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებით, მან უნდა გამოიყენოს მისი პოლიტიკური წონა, რომ აიძულოს მთავრობას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები GIPA-ში 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.