GIPA-ში საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. 18 ოქტომბერს, სტუდენტებს „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე შეხვდა.
ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრა მისი წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენით დაიწყო. მან ისაუბრა იმ ძირითად დაპირებებზე, რომლებსაც მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეასრულებს, ესენია: ვეტოს დადება ნებისმიერ კანონზე, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ, შემდეგ ამ ვეტოს პარლამენტში წარდგენა და პოზიციის არგუმენტირებული დაცვა; ყველა პატიმარის შეწყალება, ვინც სასჯელს იხდის ისეთი ქმედებებისთვის, რომელთაც სხვისი თავისუფლება არ შეუზღუდავს - აღნიშნული მეტწილად ნარკოპოლიტიკასთან არის დაკავშირებული; პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება.
„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყურადღება გაამახვილა, მისი როგორც პრეზიდენტის საქმიანობის გამჭირვალობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტისა და სარეზერვო ფონდის შემცირებაზე. მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ამგვარი ქმედებებით, შესაძლებელია ქვეყნის ბიუჯეტის, დაახლოებით 70 მილიონი ლარის დაზოგვა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრები GIPA-ში 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
იხ. შეხვედრის სრული ჩანაწერი: