GIPA-ში საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო. ციკლი „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიასა და საარჩევნო პროგრამაზე, ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე, კონსტიტუციურ კომპეტენციებსა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე.
დავით უსუფაშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და პრეზიდენტის როლზე ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელში, იმ პირობებში, როდესაც მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე (2024 წელი) დაგეგმილია როგორც საპარლამენტო (2020 წელი), ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (2021 წელი).
„პრეზიდენტი საპარლამენტო მოდელში ნიშნავს მმართველობას ავტორიტეტის ძალით და არა - ძალის ავტორიტეტით. ძალიან დიდი განსხვავებაა ამ 2 მოდელს შორის. ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით, არის მთლიანად ავტორიტეტის ძალით, საქვეყნო, საჯარო, სახელმწიფო საქმეების მკეთებელი ადამიანი“.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს საშუალება ქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი GIPA-ში 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.