2018 წლის 10 ოქტომბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია - სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet.
პროექტს, რომლის მიზანიცაა სოფლის მეურნეობასა და დაკავშირებულ სფეროებში სავაჭრო შესაძლებლობების გაძლიერება და მოდერნიზება თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის - AgroNet-ის შექმნითა და პილოტირების გზით, ახორციელებენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები: ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა (ELVA), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო (VEDA) და სმარტ განვითარების ცენტრი (SMART).
პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ სამინისტროების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რადუ-ლივიუ ჰორუმბამ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა ქაშაკაშვილმა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო პოტენციალის გაძლიერებას სოფლის მეურნეობაში და საქართველოს ინტეგრირებას ევროპულ სტრუქტურებში.
შავი ზღვის აუზის ერთობლივი სამოქმედო პროგრამა 2014-2020 თანადაფინანსებულია ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამეზობლო ინსტრუმენტისა და პროგრამაში მონაწილე შემდეგი ქვეყნების მიერ: სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვას რესპუბლიკა, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.