GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ოთხი სტუდენტი და პროგრამის კოორდინატორი, ქეთი გელაშვილი, GIPA-ს პარტნიორი პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის (Prague University of Economics and Business) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო ბიზნეს ჰაკათონში (Scientific Business Hackathon) მონაწილეობენ. ღონისძიება სომხეთში, კერძოდ, გიუმრსა და ერევანში იმართება.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო ჰაკათონი საქართველოს (GIPA), ჩეხეთისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს აერთიანებს. პროექტი მონაწილეებს რეალურ გამოწვევებზე მუშაობის, კვლევითი და ინოვაციური მიდგომების განვითარებისა და საერთაშორისო გუნდებში თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონში მონაწილეობისთვის GIPA-ს სტუდენტები ლაიდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო COIL პროექტში „Truth in the Age of AI“ წარმატებული მონაწილეობის საფუძველზე შეირჩნენ.
GIPA საერთაშორისო ინიციატივებსა და პარტნიორულ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს და ხელს უწყობს ისეთ პროექტებში მონაწილეობას, რომლებიც სტუდენტებს გლობალურ გარემოში წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, გამოცდილებისა და უნარების განვითარებაში ეხმარება.
