28-29 მაისს, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) უმაღლესი პროფესიული პროგრამის, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შუახევის ჰესების კასკადს ეწვივნენ.
ვიზიტი განხორციელდა GIPA-სა და ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. პარტნიორობის საფუძველზე, პროგრამის სტუდენტებს ყოველწლიურად ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სწავლება გაიარონ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგო-ობიექტზე.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ასევე, ოპერირების, ელექტრული, სამოქალაქო ინჟინერიისა და მართვის სისტემების მიმართულებების ხელმძღვანელებს, სადაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ჰიდროელექტრო ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების პროცესების შესახებ და გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საინჟინრო პრაქტიკას.
ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს შუახევის ჰიდროელექტროსადგური, სხალთა ჰესი და დიდაჭარის კაშხალი, სადაც ადგილზე გაეცნენ ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ფუნქციონირების სრულ ციკლს.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა.
გვჯერა, რომ ენერგეტიკის სფეროს მდგრად განვითარება შეუძლებელია პროფესიონალების გარეშე. სწორედ ამიტომ, ვქმნით შესაძლებლობას, სტუდენტებმა უშუალოდ გაეცნონ თანამედროვე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებაში,“ – განაცხადა ენერგოკომპანიის „აჭარისწყალი ჯორჯია“ აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.
