18 აპრილს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში მედია-ნამუშევრების გამოფენა „ტრანსფორმაციის სივრცეები“ გაიხსნება. პროექტი ალანუსის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აუდიო-ვიზუალური ხელოვნების პროგრამის (AVA) ორგანიზებით და გერმანიის საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFA) მხარდაჭერით ხორციელდება.
ქართულ-გერმანულ გაცვლით პროექტში გერმანულ მხარეს ალანუსის უნივერსიტეტის პროფესორი თესა კნაპი, ხოლო საქართველოს მხარეს GIPA-ს პროფესორი სოსო დუმბაძე წარმოადგენს. ისინი აღნიშნულ პროექტში თავიანთ აკადემიურ ინსტიტუციებსა და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ. გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ მედია-ნამუშევრებს, რომლებიც ტრანსფორმაციას, ცვლილებების განმსაზღვრელ შიდა თუ გარე ფაქტორებსა და მათ შორის კავშირებს, თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ და მედიაკრიტიკულ საკითხებს, სხეულის აღქმასა და გენდერს, დისკრიმინაციას, კაპიტალიზმს, ავტოკრატიას, „მოკვდაობის“ რეფლექსიას და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას იკვლევენ.
აბრეშუმის მუზეუმის კოლექციითა და აბრეშუმის პარკის მეტაფორით შთაგონებული პროექტი ექსპერიმენტულ სივრცეში ხელოვნების როლის შესახებ სვამს კითხვას და ხელს უწყობს ორი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, მათ საზოგადოებებს შორის დიალოგით, თანაარსებობის ალტერნატიული გზების ფორმირებას.
გამოფენაზე 20 ავტორის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი და ის 18 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით იქნება ღია.
