GIPA პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველ პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას იწყებს

12 თებერვალი, 2026

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Privacy Logic Group (PLG) პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველ პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას იწყებენ. პროგრამა წარმოადგენს აკადემიური სექტორისა და პრაქტიკოსი ექსპერტების კიდევ ერთ სინერგიულ პროექტს ჯიპაში, რაც სწავლების უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის გარანტიაა. 

აღნიშნული პროგრამა  GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკონსულტაციო კომპანიის Privacy Logic Group (PLG)-ის ექსკლუზიური კოლაბორაციის შედეგია და  ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი ტრანსფორმაციების საპასუხოდ შეიქმნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნის მზარდ მოთხოვნას კადრებზე, რომლებსაც შესწევთ უნარი მონაცემთა დამუშავების პროცესები შესაბამისობაში მოიყვანონ ევროპულ სტანდარტებთან (GDPR). პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროგრესისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ნებისმიერი სუბიექტი მოამზადოს საერთაშორისო ასპარეზისათვის. 

პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და აუცილებელი უნარები, რათა საკუთარი ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დამკვიდრება და ეფექტიანი მართვა შეძლონ.  ის განკუთვნილია მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა და მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ასპექტებთან (იურიდიული და შესაბამისობის (compliance), ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები). 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შრომის ბაზარზე  კონკურენტული უპირატესობა ექნებათ.  სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ფინანსურ, სატელეკომუნიკაციო, ჯანმრთელობის დაცვის, ტექნოლოგიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, კურსდამთავრებულები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO), შესაბამისობის სპეციალისტის, იურიდიული ან მონაცემთა დაცვის კონსულტანტის პოზიციებზე  დასაქმებას შეძლებენ.

პროგრამა 2026 წლის 10 მარტს იწყება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის  27 თებერვალი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის სრული აღწერა.