GIPA-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 6 წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

02 თებერვალი, 2026

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, GIPA-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს  6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მაღალი ხარისხის სტანდარტებსა და პროფესიული განათლების სფეროში მის ლიდერობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

GIPA ახალგაზრდებს შრომით ბაზარზე სამ მოთხოვნად, ინოვაციურ და უნიკალურ  პროფესიულ პროგრამას სთავაზობს. ესენია: 1. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; 2. განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი; 3. ენერგომენეჯმენტი.

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამის ფარგლებში, კურსდამთავრებული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოსდაცვითი გეგმის შედგენის, პროფესიული დაზიანებების შეფასების და რისკების კონტროლის ცოდნასა და უნარებს შეიძენს;

განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროფესიულ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტი განახლებადი ენერგიების სფეროში სიღრმისეულ ცოდნას შეიძენს; შეძლებს განახლებადი ენერგიის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, პროცესის შესაბამისად დაგეგმვასა და ჰიდროენერგეტიკული, ქარის ენერგიის, მზის ელექტროენერგეტიკული, გეოთერმული ენერგეტიკის და ბიომასის ენერგიის პროექტების მშენებლობას, მონტაჟსა და ოპერირებას.

ენერგომენეჯმენტის პროფესიული პროგრამის საშუალებით,  კურსდამთავრებული ეუფლება სიღრმისეულ ცოდნას ენერგომენეჯმენტში, შეისწავლის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ტექნიკურ ნორმებს და შეძლებს რეალურ ვითარებაში მის ეფექტურად გამოყენებას.

სამივე  პროგრამა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი თეორიული და პრაქტიკული მეთოდებით არის აღჭურვილი. პროგრამებზე დაშვება შესაძლებელია საშუალო განათლების ატესტატის საფუძველზე, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა 2 წელს შეადგენს. სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს შესაბამისი  უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭება.

GIPA ტრადიციულად გამოირჩევა ხარისხზე ორიენტირებული მიდგომითა და მაღალი პასუხისმგებლობით და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებისთვის თანამედროვე, მოთხოვნადი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამებისა და ინიციატივების შეთავაზებას.