ახალმა ერთობლივმა პროგრამამ პოლიტიკის მეცნიერებებში (PoSIG) ავსტრიული აკრედიტაციის ქართული აღიარება მოიპოვა. აღნიშნული პროგრამა პირველია მთელს სამხრეთ კავკასიაში და ამ ინოვაციის სათავეში სწორედ ჯიპა დგას. აღსანიშნავია, რომ პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფისათვის პროგრამამ აკრედიტაცია ევროპული მიდგომით გაიარა (ბოლონიის დეკლარაცია, ერევანი 2015).
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა “პოლიტიკურ მეცნიერებები - ინტეგრაცია და მმართველობა (PoSIG)” 11 უნივერსიტეტს აერთიანებს. შესაბამისად, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი მობილობის ალტერნატივები და თითო სემესტრი თითო პარტნიორ უნივერსიტეტში გაატაროს. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ერთობლივი სამაგისტრო ხარისხი, რომელიც შესაძლოა გაიცეს ერთდროულად მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი უნივერსიტეტის მიერ, სტუდენტის არჩეული მობილობის მიხედვით.
კონსორციუმის წევრები პროგრამაში თავიანთი აკადემიური პროფილების ინტეგრირებით მონაწილეობენ და მსმენელებს სთავაზობენ სასწავლო კურსებს შემდეგ სფეროებში: შედარებითი პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება, ასევე, პოლიტიკური თეორია.
გარდა ამისა, ავსტრიის, იტალიის, დასავლეთ ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის კონსორციუმის წევრები უზრუნველყოფენ სპეციალურ აკადემიურ კომპეტენციებს ამ რეგიონების პოლიტიკური განვითარების მიმართულებით, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების გარდაქმნისა და ევროპეიზაციის პროცესების შესახებ.
პროგრამა ხელმისაწვდომია ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს კურსდამთავრებულების იმ უნარებითა და ცოდნით აღჭურვას, რომლებიც აუცილებელია პოლიტიკური მეცნიერების ყველა მიმართულებით კარიერის გასაგრძელებლად. ეს უნიკალური შესაძლებლობა ზრდის აკადემიურ კვალიფიკაციას და აძლიერებს საერთაშორისო კარიერულ პერსპექტივებს. პროგრამაშ მონაწილეობა უკვე 2026 წლის თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.
