დუალური უმაღლესი განათლების სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების სამუშაო შეხვედრა GIPA-ში

09 ივნისი, 2025

2025 წლის 2-3 ივნისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის "DUGEOR" ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი 4-ის მეორე შეხვედრას უმასპინძლა. პროექტის სრული სახელწოდებაა - Strengthening capacities for the implementation of dual education in Georgian higher education, რომლის მიზანია, დუალური განათლების ინტეგრირება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში.

შეხვედრა ორ ეტაპად გაიმართა: პირველი დღე GIPA-ს კამპუსში ჩატარდა, მეორე კი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში. შეხვედრაში პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ:

  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  • Novi Sad-ის ბიზნეს აკადემიის უნივერსიტეტი (UBANS)
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (MoESCG)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE)

დღის წესრიგი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა:

  • დუალური უმაღლესი განათლების სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს ფორმირების პროგრესი
  • ცვლილებები, რომლებიც საჭიროა საქართველოს კანონმდებლობაში
  • აკრედიტაციის მოქმედი სტანდარტების შესაბამისობა დუალური პროგრამების მოთხოვნებთან
  • მომზადება თელავში დაგეგმილი საჯარო ფორუმისთვის

მონაწილეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ დუალური განათლების სამართლებრივი განსაზღვრება და შესაბამისი რეგულაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი წარმატებული დანერგვისთვის. ასევე გადაწყდა, რომ პროექტის შედეგების წინასწარი განხილვა და შეჯერება 2025 წლის 10-11 ივნისს, თელავში, ფორუმის ფარგლებში გაიმართება.

პროექტი "DUGEOR" მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლის მოდელის დანერგვის გზაზე.