GIPA- მ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

18 მარტი, 2025

GIPA-მ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „არალეგალური ვაჭრობის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განზომილებები“, რომელიც 2025 წლის 14-15 მარტს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა. კონფერენციაზე განხილული თემები უკანონო ვაჭრობასა და გეოპოლიტიკურ დინამიკას შორის არსებულ კომპლექსურ ურთიერთობებს მოიცავდა და საქართველოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებზე იყო ფოკუსირებული.

ღონისძიებამ ექსპერტები ევროპის 14-ზე მეტი ქვეყნიდან და საქართველოს უნივერსიტეტებიდან გააერთიანა და ხელი შეუწყო თანამშრომლობას და ცოდნის გაცვლას ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, მედია და გარემოს დაცვა. მასში მონაწილეობა GIPA-ს პროფესორებმა, ჟურნალისტიკის სკოლის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს. კონფერენცია GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იტალიელმა პროფესორმა დანიელა ირერამ გახსნეს, რომლებმაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.

კონფერენცია ჩატარდა COST (ევროპის კოოპერაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში) ქმედების -  გლობალიზაცია უკანონო ვაჭრობა, მედეგობა და უსაფრთხოების ფარგლებში.  ამ ქმედების მმართველი კომიტეტის წევრის  პროფესორ თიკო ცომაიას კოორდინაციითა და GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ორგანიზებით.  

COST არის მთავრობათაშორისი ჩარჩო, რომელიც 41-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და საშუალებას აძლევს ამ ქვეყნების მკვლევრებს,  მონაწილეობა  მიიღონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში მკვლევრებთან თანამშრომლობითა და გამოცდილების გაზიარებით.