GIPA - 25 წელი საჯარო მმართველობისთვის

16 დეკემბერი, 2020

GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ულოცავს საჯარო სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს და მოქალაქეებისა და საჯარო სიკეთის ერთგული მსახურებისთვის მადლობას უხდის მათ მიუხედავად იმისა ფლობენ თუ არა საჯარო მოხელის სტატუსს! 

საჯარო მოსამსახურეებისა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება საზოგადოების განვითარების, უსაფრთხოებისა და კვლავწარმოების წინაპირობას წარმოადგენს. თუმცა, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების თუ მომსახურებების ყოველდღიური, გამართული ფუნქციონირება, ხშირად, თავისთავად მოცემულობად აღიქმება, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებული ათიათასობით ადამიანის უწყვეტი შრომა და თავგანწირვა უხილავი რჩება. პანდემიის პირობებში, როცა სახელმწიფო და საზოგადოება მოულოდნელი და უნიკალური გამოწვევების წინაშე დადგა, ბევრი საჯარო მოსამსახურე კი, ვირუსთან და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს, კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და თავდადებული სახელმწიფო სამსახურის მნიშვნელობა. 

კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ყველა ჩვენგანის კეთილდღეობა დამოკიდებულია: სამედიცინო სფეროს მუშაკზე, რომელიც მოქალეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს; ინსპექტორზე, რომელიც წყლის, საკვების თუ სამუშაო ადგილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაბამისობას ამოწმებს; სოციალურ მუშაკზე, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს აძლიერებს და სოციალური პროგრამებში ამისამართებს; პოლიციელზე, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს; ბაღებისა და სკოლების მასწავლებლებზე, რომლებიც ახალი თაობის განათლებისთვის ირჯებიან; დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე, მეხანძრეებზე, მესაზღვრეებზე, ქოლცენტრების თუ საჯარო რეესტრის ოპერატორებზე და სხვა დაბალი თუ მაღალი პოზიციის საჯარო მოსამსახურეზე.

საზოგადოების მიერ იმ წვლილის აღიარებაში, რაც საერთო კეთილდღეობაში საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეაქვთ, განსაკუთრებული ფუნქცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ. სწორედ ამიტომ, GIPA დაფუძნების დღიდან, უკვე 25 წელია რაც ხელს უწყობს საჯარო სამსახურის პოპულარიზაციასა და განვითარებას. GIPA წლებია ამზადებს მაღალკვალიფიციურ საჯარო მმართველებს, რომლებიც საჯარო სამსახურის გაძლიერებაზე ზრუნავენ და ახალისებს სტუდენტებს, რომ საჯარო სამსახური განიხილონ არა მხოლოდ ინდივიდუალური კარიერული წინსვლის ჭრილში, არამედ დემოკრატიული, თანასწორი და სოციალურად სამართლიანი საზოგადოების შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობად.

საჯარო სამსახურის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების გასამხნევებლად, 19 დეკემბერს, მოხელის დღეს, GIPA მართავს ონლაინ კონფერენციას - „GIPA – 25 წელი საჯარო მმართველობისთვის“ და ულოცავს მათ  პროფესიულ დღეს. 

  • აღნიშნული ღონისძიებით GIPA ულოცავს საჯარო სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს და მოქალაქეებისა და საჯარო სიკეთის ერთგული მსახურებისთვის მადლობას უხდის პროცესის ყველა მონაწილეს!
  • კონფერენციას გახსნით ნაწილში მონაწილეებს მიესალმება საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, ეკატერინე ქარდავა 
  • წამყვანი მომხსენებლები: ედვარდ ქელოუ, დოქტორი, პროფესორი და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ჯორჯიის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის დეპარტამენტისა და სამაგისტრო პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, საჯარო მმართველობის ეროვნული აკადემიის (NAPA) წევრი, შეერთებული შტატები და რასტი ბრუქსი, დოქტორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის დეპარტამენტის აფილირებული წევრი, ქარ ვინსონის მმართველობის ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი, ჯორჯიის უნივერსიტეტი, შეერთებული შტატები. 
  • მოწვეული სტუმრები: ნათია მეზვრიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი; ნინო სარიშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II; ნოდარ ხერხეულიძე, საქართველოს დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ადგილობრივი მკვლევარი, OGP ექსპერტი; ლევან სამადაშვილი, კარგი მმართველობის ინიციატივა, USAID; ალექსანდრე სვანიშვილი, GIPA-ს პროფესორი, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, USAID ექსპერტი.
  • ონფერენციის სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური (სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფით)

დასწრების სურვილის შემთხვევაში, შემოუერთდით შეხვედრას 19 დეკემბერს, 17:00 საათზე - http://bit.ly/3npDvE9

დღის წესრიგი - https://bit.ly/37sOF5s