საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის სწავლების სრულყოფის ცენტრის (TEC) მიერ, 2020 წლის 18 იანვარს, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდა ტრენინგი „ინკლუზიური გარემოს მართვა და ინდივიდუალური მიდგომა სწავლებაში.“ ცენტრი უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით და მიზნად ისახავს პერსონალის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი სწავლების მიდგომების გაუმჯობესებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
„ინკლუზიური გარემოს მართვისა და ინდივიდუალური მიდგომა სწავლებაში“ ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის ისეთი ცოდნის გადაცემა, რომლის შედეგად ისინი შეძლებენ მსჯელობას: შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტ(ებ)ზე; როგორ დაგეგმონ სასწავლო პროცესი სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა თავისებურების გათვალისწინებით; რა სერვისები არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის საქართველოს საგანმანათლებლო კონტექსტში, როგორ შეარჩიონ და მიაწოდონ რელევანტური სერვისი. ამავდროულად, მონაწილეები გაეცნენ ბაზისურ პრაქტიკულ უნარებს, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებთან/სტუდენტებთან კომუნიკაციისას.
ტრენინგი განხორციელდა ინტერაქციულ ფორმატში, რომელიც დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითებით.