საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვივნენ. ცენტრის სხდომათა დარბაზში გაიმართა საუბარი ეროვნული ბანკის საემისიო ფუნქციისა და ქვეყანაში ფულის მიმოქცევის ორგანიზაციის შესახებ. შემდეგ სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ნაღდი ფულის მიღების, მისი დამუშავების და შეფუთვის, ბრუნვისათვის გამოუსადეგარი ბანკნოტების გამოვლენის და მათი განადგურების ტექნოლოგიურ პროცესს.
სტუდენტებმა დაათვალიერეს აგრეთვე ფულადი ნიშნების ექსპერტიზის ლაბორატორია, სადაც მათ წარმოუდგინეს ლარის და უცხოური ვალუტების ბანკნოტების დამცავი ნიშნები და ყალბი ფულის გამოვლენის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები. სუდენტები გაეცნენ საკასო ცენტრის უსაფრთხოების სისტემას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საკასო ცენტრის თანამშრომლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს სტუდენტების შეკითხვებს. დასასრულს, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს გულითადი მასპინძლობისათვის.