წიგნი ყველა სოფელს! ეს არის მიზანი, რომელმაც დღეს GIPA, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia და Gulf Georgia გააერთიანა. სამ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,
ეკვილიბრიუმის პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ეწვევიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს და დაარიგებენ ქართულ და ინგლისურ წიგნებს. ადგილობრივი მოსახლეობისათვის
გაიხსნება ხელოვნებისა და კულტურის უფასო საკვირაო სკოლები.
ახალქალაქის რეგიონული განვითარების პროექტის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები ეთნიკური უმცირესობებისთვის მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი DRDVE of GIPA. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
”GIPA, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ყოველთვის მზადაა, შეიმუშაოს და განახორციელოს ინოვაციური პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ძირითადი პრობლემების მოგვარებას. ახალგაზრდებისა და ქალების მხარდაჭერა, ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრირების წახალისება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით, ჩვენი პრიორიტეტია. მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და Gulf Georgia მიმართ ამ ინიციატივაში შეტანილი წვლილისათვის. ეკვილიბრიუმის პროგრამაში მონაწილეობა და ახალქალაქის ეთნიკური უმცირესობებისათვის გახსნილი საკვირაო სკოლები მართლაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის მსოფლიო კულტურებსა და განათლებას“, – განაცხადა ნანა ქაშაკაშვილმა, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (DRDVE / GIPA).