GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში დასრულდა ინგლისურენოვანი სტუდენტური პროექტი „Speech and Debate Club”, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სტუდენტთათვის ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის, დებატებისა და საჯაროდ გამოსვლის უნარების განვითარება.
პროექტი წარმოადგენდა სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ინიციატივას, რომელიც განხორციელდა GIPA-ს ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავდა 12 კვირიან პერიოდს. პროექტის აქტივობები დაყოფილი იყო ორ ფაზად. პირველი ფაზის განმავლობაში სტუდენტები ეუფლებოდნენ სიტყვის (speech) მომზადების და აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის ტექნიკებს, მეორე ფაზაში კი დებატების ტექნიკებს.
პროექტს უძღვებოდა GIPA-ს კანადელი ლექტორი, ბატონი ჯეფ მორსკი. აღსანიშნავია ბატონი მორსკის მნიშვნელოვანი გამოცდილება კომუნიკაციის, ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო ინფორმაციულს ხდიდა პროექტის მსვლელობას.
პირველი ფაზის ბოლოს მოეწყო შეჯიბრი სიტყვით გამოსვლაში, კლუბის აქტივობები დასრულდა დებატების კონკურსით. ორივე ფაზის შემაჯამებელ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.
პროექტის დასასრულს მონაწილეებს შეხვდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ისაუბრა საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკებზე და მის მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.