თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში სამთვიანი პრაქტიკა გაიარეს.
მაგისტრანტებმა პრაქტიკა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში გაიარეს.
პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე შეხვდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, როგორც სტაჟიორების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში გარემოსდაცვითი მიმართულებით, რადგან დასაქმების ბაზარი სწორედ ამ სპეციალისტების დეფიციტს განიცდის. მერიამ უნიკალური შეთავაზებით ისარგებლა და აღნიშნული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა მუნიციპალიტეტში პირველად გაიარეს. იმედი მაქვს, შემდგომში ეს ადამიანები მუშაობას გააგრძელებენ, როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე, სხვა საჯარო სამსახურებში ამ საქმიანობით დაკავდებიან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში პრაქტიკა ოთხმა სტუდენტმა გაიარა, რომლებიც სამი თვის განმავლობაში სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის გარემოს დაცვის საქალქო სამსახურის ხლემძღვანელი გიგა გიგაშვილი, რომელმაც დადებითად შეაფასა თანამშრომლობის ეს ფორმატი და აღნიშნა სტუდენტების მომზადების ხარისხი გარემოსდაცვით სფეროში და GIPA-ს გარემოსდაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი ლაშა ლობჯანიძე, რომელმაც უნივერსიტეტის სახელით მაია ბითაძეს და გიგა გიგაშვილს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და ხაზი გაუსვა პრაქტიკული კომპონენტის მნიშვნელობას სტუდენტებისათვის.
შეხვედრის განმავლობაში გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები.
GIPA-ს გარემოსდაცვითი მენჯმენისა და პოლიტიკის სამაგსიტრო პროგრამასა და თბილისის მერიის გარემოსდაცვის საქალქო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წლის გაზაფხულზე გაფორმდა, პროგრამის სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ სასწავლო პრაქტიკა გაიარონ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატში და 2019 წელს ასევე მემორანდუმი გაფორმდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.