მიხეილ (მიშა) დარჩიაშვილს გააჩნია საერთაშორისო განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. სხვა საპასუხისმგებლო პოზიციებს შორის, მას ეკავა მაღალი დონის სახელმწიფო თანამდებობები.
მისი დიპლომატიური კარიერა 2001 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, სადაც წლების მანძილზე სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
2004-2008 წლებში ის ბრიუსელში, ბელგიაში, ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს მისიაში მსახურობდა. 2008-2014 წლებში კი აშშ-ში, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში თავდაპირველად უფროსი მრჩევლის, შემდეგ კი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციებზე მსახურობდა.
2013-2014 წლებში ის იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და საერთაშორისო ურთიერთობებსა და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვას კურირებდა.
ბოლო 10 წლის გმანძილზე (2015-2025) მიშა დარჩიაშვილი აქტიურად იყო ჩართული USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში, რომლებიც საქართველოში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე დემოკრატიული მმართველობის განვითარებას ემსახურებოდა. 2015-2022 წლებში მუშაობდა მმართველობის მიმართულების პროგრამის მენეჯერად USAID-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივაში“, ხოლო 2022 წლიდან 2025 წლის მარტამდე იყო ადგილობრივი მმართველობის სისტემების დირექტორი USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამაში“.
მიშა დარჩიაშვილი, ასევე, მუშაობდა უფროს-ექსპერტად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „უსაფრთხოების სექტორის გარე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და GOPA-PACE კონსორციუმის ფარგლებში ხორციელდებოდა.
მიხეილ დარჩიაშვილი არის „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი და გამგეობის წევრი.
მას აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი (GIPA-MPA) და არის სტენფორდის უნივერსიტეტის CDDRL-ისა და EPRC-ის ერთობლივი პროგრამის „Leadership Academy for Development“ კურსდამთავრებული.
