კლინიკის მენეჯმენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ

აკრედიტირებული პროგრამა კლინიკური მენეჯერებისთვის

 

კლინიკის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა სხვადასხვა სახის სამედიცინო დაწესებულებების მართვის პროცესებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკასა და რეგულაციებზე დაყრდნობით და მისცეს მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ჰოსპიტალური სექტორის სამედიცინო დაწესებულებების მართვის პროცესის შესახებ.

კურსის გავლის შემდეგ, მსმენელები შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კომპეტენტურად განსაზღვრონ პრობლემის არსი და ეფექტურად მართონ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესები, ხარისხი და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება.  

კურსი გათვლილია სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე, ან ამ სახის დასაქმების მსურველი მენეჯერებისთვის.

 პროგრამის შინაარსი:

  • შესავალი - პროგრამის მიმოხილვა 
  • ჯანდაცვის სისტემის მოწყობა საქართველოში
  • სახელმწიფო პროგრამები - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
  • მარეგულირებელი მოთხოვნები და სწორი მენეჯმენტი, სამედიცინო დაწესებულებისა და საქმიანობის რეგულირების ტიპები
  • სამედიცინო მომსახურების მიწოდების ძირითადი პრინციპები
  • სამედიცინო განათლება
  • საექიმო და საექთნო საქმისა და კომპეტენციების რეგულირება
  • ადამიანური რესურსების მართვა სამედიცინო დაწესებულებაში 
  • სამედიცინო განათლება
  • სამედიცინო დაწესებულების ფინანსური მენეჯმეტი და ბიზნეს სტატისტიკა
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება
  • სამედიცინო საქმიანობის ხარისხი და მისი მართვა
  • ინფექციის კონტროლი და მენეჯმენტი
  • ნარჩენების მართვა
  • რადიაციული უსაფრთხოება და სამედიცინო დაწესებულებებისათვის წაყენებული სხვა მოთხოვნები
  • წამლის რეგულირება
  • სამედიცინო ეთიკა
  • პაციენტის უფლებები
  • ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები

მასტერკლასები

პროგრამის ფარგლბში, მონაწილეები სხვადასხვა კლინიკის მმართველი რგოლის მენეჯერებს შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მოისმენენ პრაქტიკულ ქეისებს, მენეჯმენტის მიმართულებით.

შეფასებები

პროგრამის განმავლობაში, მონაწილეები განავითარებენ სხვადასხვა მომსახურებების განვითარების გეგმას და ფინალური პროექტის სახით, წარმოადგენენ კლინიკის მოდელირებას.

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით - დღის განმავლობაში.

სწავლების ენა: ქართული, მასალების ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

*სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. კურსის განმავლობაში, სტუდენტების შეფასება მათ მიერ პრაქტიკული სამუშაოების შესრულების ხარისხითა და ფინალური გამოცდის საფუძველზე მოხდება.

*პროგრამა აკრედიტირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ  კლინიკის მენეჯერის სერტიფიკატი. 

სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

დეა ნიჟარაძე - აქვს 30 წლიანი სამედიცინო (საექიმო) პრაქტიკა და 25 წლიანი მენეჯერული (აქედან 14 წელი ჯანდაცვის სამინისტროში) გამოცდილება. 2012-2013 წლებშიიყო ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში, რეგულირების სამმართველოს უფროსი. არის ჯანდაცვის კანონმდებლობის, მარეგულირებელიმექანიზმების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ექსპერტი და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის  პროექტების ექსპერტი სამედიცინოსაკითხებში. 2012 წლიდან დღემდე, ბაქტერიოფაგის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ექიმია და ქართულ-ამერიკული კლინიკის სამედიცინო დირექტორი. 2018-2024 წლებში იკავებდა კორპორაცია ევექსის ხარისხის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 

ამირან გამყრელიძე - პროფესორი, ექიმი, მკვლევარი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი და საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის პროფესორი. ამჟამად, იკავებს გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის დირექტორის პოზიციას საქართველოს უნივერსიტეტში. არის საქართველოს ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო მრჩეველი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მრჩეველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. ასევე 2025-ის დასაწყისიდან მიყავს ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემა  BMG TV-ზე „ჯანდაცვის სტანდარტი“. მას მინიჭებული აქვს ექიმის კვალიფიკაცია (MD) და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის (PhD) ხარისხი, 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მედიცინის, ჯანდაცვის, კვლევების, პროგრამების მართვისა და პოლიტიკის სფეროში.

2013–2022 წლებში პროფესორი გამყრელიძე იკავებდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნისა და რეაგირების გაძლიერებაში. მანამდე იგი მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად (2001–2004) და მინისტრის პირველ მოადგილედ (1997–2001), 1995-1997 წლებში მინისტრის მოადგილედ და ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორად. 1974-2001 წლებში იგი იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრაზე, მათ შორის 1990 წლიდან პროფესორის. იგი იყო მოწვეული პროფესორი ნორვეგიის UiT არქტიკის უნივერსიტეტში (ტრომსო) და სხვადასხვა უნივერსიტეტებში (ჯიპა, ალტე, თსუ). მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორის პოზიციას, აკადემიურ საქმიანობას შვედეთის ლინჩოპინგის უნივერსიტეტში და გერმანიის იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტში.

პროფესორ გამყრელიძეს აქვს ხანგრძლივი საერთაშორისო გამოცდილება. იგი მუშაობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ქვეყნის პროგრამების კოორდინატორად (2005–2013) და მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ჯანმო-ს მმართველ ორგანოებში, ექსპერტულ კომიტეტებსა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, მათ შორის ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ჯანმრთელობა 2020 პოლიტიკის შემუშავებაში. იყო ჯანმო-ს ევროპის ჯანმრთელობის კვლევის საკონსულტაციო კომიტეტის (EACHR) წევრი, არჩეულ იყო  ჯანმო-ს ევროპის რეგიონის კომიტეტის მუდმივმოქმედ კომიტეტში (2015–2018) და 2018 წელს იყო მისი თავმჯდომარე. გარდა ამისა, იყო არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გლობალური საკოორდინაციო მექანიზმის წევრი, მონაწილეობდა არაგადამდები დაავადებების ინოვაციების საკითხებზე, იყო ჯანმო-ს ევროპის ექსპერტი ჯანმრთელობის სოციალური დეტერმინანტის კვლევის (2006–2007), მზაობა 2.0 – ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის, რეაგირებისა და მდგრადობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ჯანმო-ს ევროპის რეგიონში (2023–2024), Concord–ლანცეტის კიბოს გლობალური კომისიის წევრი 2024 წლიდან, აგრეთვე ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) ანგარიშვალდებულების ინდექსის დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის წევრი (ჯანმო-ს ევროპის რეგიონი), 2026 წლის ჩათვლით.

დოქტორი გამყრელიძე აქტიურად მონაწილეობდა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ალერგოლოგია-კლინიკური იმუნოლოგიის ფორუმებში და იყო მთავარი მომხსენებელი არაერთ საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციასა და აკადემიურ დაწესებულებაში აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში.

დოქტორი გამყრელიძე იყო და არის რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, მათ შორის World Allergy Organization Journal, Allergo Journal (გერმანია), Georgian Medical News და Georgian Respiratory Journal. იგი ასევე იყო და არის პრესტიჟული პროფესიული ასოციაციების წევრი, როგორიცაა ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული აკადემია, გერმანიის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია, საქართველოს ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემია.

მისი აკადემიური, სამეცნიერო და ექსპერტული საქმიანობა მოიცავს გლობალურ და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ჯანდაცვის სისტემებს, COVID-19-ზე რეაგირებას, ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერებას, C ჰეპატიტის ელიმინაციას, არაგადამდებ დაავადებებს, თამბაქოს კონტროლს, გარემოს ჯანმრთელობას, ალერგოლოგიასა და კლინიკურ იმუნოლოგიას, ასევე ჯანმრთელობის პოლიტიკას.

პროფესორ ამირან გამყრელიძეს, როგორც ავტორსა და თანაავტორს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

ანდრია ურუშაძე - ექსპერტი ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში. აქვს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება. ბოლო ათი წლის განმავლობაში, როგორც საერთაშორისო კონსულტანტი, საერთაშორისო (WB, WHO) და სამთავრობო ინსტიტუტებთან, 10-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობდა, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უზბეკეთში, ალბანეთსა და ტაჯიკეთში. 2010-2012 წლებში, იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი და 2001-2010 წლებში, სოციალური დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. 1996-2005 წწ. იყო პირველი კერძო სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ აღმასრულებელი დირექტორი. 1995-1996 წწ. მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში საერთაშორისო პროგრამების რეალიზაციის ბიუროს უფროსად. იყო კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების კოორდინატორი მსოფლიო ბანკთან და ევროპის საბჭოსთან. 1993-96 წწ. იყო ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი. არის ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის თემატიკაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორი. მათ შორის თანაავტორი წიგნისა: „ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში. ჯანდაცვის რეფორმების საგზაო რუქა პოსტ-სემაშკოს ქვეყნებისთვის და არა მხოლოდ“ (2014),  რომელიც გამოიცა  ინგლისურ და  და უკრაინულ  ენებზე.

მარინე ბაიდაური - ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება
სამედიცინო დაწესებულებების მარეგულირებელი ნორმების შემუშავებაში. არის სამედიცინო დაწესებულებებში, ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი აქტებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტის ავტორი და მონიტორინგის კოორდინატორი. ამჟამად, მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

მაია კერესელიძე - MD, PhD, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 1999 წლიდან, აქვს სამედიცინო სტატისტიკის დარგში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ წლებში, მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემების განვითარება, მათ შორის ჯანდაცვის მონაცემთა მოპოვების და ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ინსტიტუციური მოწყობა, ჯანდაცვის ინფორმაციის სტანდარტიზაციის და ქვეყანაში საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორების დანერგვის უზრუნველყოფა, სიკვდილის მიზეზების იდენტიფიცირების გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში შესაბამისი სიმძლავრეების შექმნა, ჯანდაცვის ინფორმაციის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო ინიციატივებში და აქტივობებში მონაწილეობა. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.

თინა ტურძილაძე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია- ექსპერტი ფარმაციის საკითხებში. ფარმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქვს კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებებით: ფარმაცევტული პოლიტიკა და ეკონომიკა; ფარმაციის მენეჯმენტი; საერთაშორისო კარგი პრაქტიკის სტანდარტები GMP/GDP/GCP/GVP; 
მიკვლევადობის სისტემები T&T მათი მოდელირება და იმპლემენტაცია; NRS შეფასება, მონიტორინგი. 2008 წლიდან არის ჯანდაცვის ექსპერტთა  კლუბის ხელმძღვანელი. 

თამარ გაბუნია - ჯანდაცვის მართვისა და პოლიტიკის სფეროს ექსპერტი. აქვს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების სფეროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთის 10-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ტექნიკური ექსპერტიზის სფეროებია ტუბერკულოზისა და აივ -შიდსის კონტროლი, მალარიის პროგრამების დაგეგმვა, პირველადი ჯანდაცვა, ჯანდაცვის სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმები, ადამიანური რესურსი ჯანდაცვისთვის და უწყვეტი პროფესიული განვითარება, საოჯახო მედიცინა, გაიდლაინების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა. 2011 წლიდან დღემდე მისი საქმიანობის ძირითადი ფოკუსი იყო ტუბერკულოზი და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება. 2011-2016 წლებში ხელმძღვანელობა აშშ მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ტუბერკულოზის პრევენციის პროექტს, 2017 წლიდან 2019 წლის თებერვლამდე მუშაობდა, როგორც საერთაშორისო ექსპერტი (მ.შ. ფილიპინები, კამბოჯა, უკრაინა, თურქმენეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკა) ტუბერკულოზის, ფარმაკოზედამხედველობისა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საკითხებში.  2019-2024 წლებში იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პასუხისმგებელი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებაზე. 2022-2024 წლებში ასევე ასრულებდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობას.

ქეთევან გოგინაშვილი - არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტი (MPH). აქვს შრომის ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების კოორდინაციის მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით უკვე ათ წელზე მეტია მზადდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ეროვნული მოხსენება, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების ანგარიშები. არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისა და ჯანდაცვის დაფინანსების საკითხებში.

თამარ დაუსი - 2013 წლიდან დღემდე, არის საექთნო დეპარტამენტის დირექტორი “სამედიცინო კორპორაცია ევექსში”და  2016 წლიდან, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საექთნო ასოციაცია “ნიუმენის” დამფუძნებელი. უწევდა კონსულტაციას საექთნო მიმართულებით კლინიკებს „კურაციო“, „იუნონა“ და კავშირი “დოსტაქარი”. აქვს 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომპანიებში: “Princess Margaret Hospital”(ბრიტანეთი)- უმცროსი ექთანი, ქართულ-ამერიკული სამედიცინო ცენტრი „ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი“ – რეანიმაციული განყოფილების მედდა და შემდგომში მთავარი მედდა, დიდ ბრიტანეთში „The Salvation Army” – სოციალური მუშაკი, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – ექთან-ინსტრუქტორი და მიმღები განყოფილების უფროსი მედდა. აქვს ასევე 12 წლიანი გამოცდილება სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებისა სამედიცინო მიმართულებით, 2016 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას პროფესიულ განათლებაში. 2016-2018 წლებში გარე ინიცირების ფარგლებში, იყო სამუშაო ჯგუფის წევრი, რომლის მიხედვით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, დამტკიცდა “საექთნო განათლების” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

ნია გიუაშვილი - არის სსიპ „ლ.საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ ხარისხის მართვის დირექტორი. 2010-2012 წლებში იყო ქრონიკული დაავადებების, ტრავმატიზმის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და გარემოს ჯანმრთელობის და ასევე, გარემოს ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიური სტანდარტების განყოფილების უფროსი. ფლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მაგისტრის ხარისხს. სხვადასხვა წლებში აქვს საექსპერტო გამოცდილება. იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ზოგად ჰიგიენაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის წევრი, შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების კონვენციის ჯანდაცვითი ასპექტების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს სამუშაო ჯგუფის დროებითი მრჩეველი საქართველოდან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის "საქართველოს ქიმიური პროფილის" შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის ექსპერტი. 

თინათინ გაბრიჩიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის მიმართულებით. არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც ძირითადად მოიცავდა გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინფექციის პრევენციისა და ეკოლოგიის საკითხებს. 2000-2017 წლამდე იყო მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტში. 2014 წლიდან დღემდე, მუშაობს ეპიდემიოლოგ-კონსულტანტად, როგორც კლინიკებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებში. 2017 წლიდან დღემდე  წარმოადგენს USAID-ის  საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისა და გაუმჯობესების პროექტის ექსპერტს. 2018-2019 წლებში იყო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების ჯგუფის, ICAP-ის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საგრანტო პროექტის ექსპერტი. 2020 წლის ივნისიდან დღემდე, არის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF)-ის საგრანტო პროექტის „გაფართოებული წვდომა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინოვაციურ სერვისებზე“ შტატგარეშე თანამშრომელი - ექსპერტი. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღის“ და „საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. 2018 წლიდან დღემდე, არის ინფექციების კონტროლისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

ლია ნადარეიშვილი - თერაპევტი, შინაგანი სნეულებების სპეციალისტი, რომელსაც სამ ათწლეულზე მეტი კლინიკური, აკადემიური და კვლევითი გამოცდილება აქვს. ის ათ წელზე მეტია აქტიურად არის ჩართული ბაქტერიოფაგური თერაპიის სფეროში და ამჟამად პრაქტიკას ახორციელებს ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრში, თბილისში, საქართველო.

2012 წლიდან დოქტორი ნადარეიშვილი მუშაობს ექიმად ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრში, სადაც ის მონაწილეობს ქრონიკული და მრავალწამლის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტების კლინიკურ მართვაში. კლინიკური მუშაობის გარდა, ის მონაწილეობს ფაგოთერაპიის პროფესიულ საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამებში, მათ შორის ასწავლის კლინიკის მენეჯმენტის სერტიფიკატის პროგრამას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

მისი ადრეული კარიერა მოიცავს ლიდერულ და კლინიკურ თანამდებობებს შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დარგში საქართველოს რამდენიმე მსხვილ სამედიცინო დაწესებულებაში. მას ასევე ეკავა აკადემიური ლექტორობის თანამდებობები ანატომიაში, ფიზიოლოგიაში, სასამართლო მედიცინაში, სამედიცინო სამართალსა და კლინიკურ გადაუდებელ დახმარებაში.

ექიმი ნადარეიშვილი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ბაქტერიოფაგებისა და ფაგოთერაპიისადმი მიძღვნილ შეხვედრებში, ევროპის რესპირატორული მედიცინის კონფერენციებსა და საერთაშორისო ფაგების კვლევის ფორუმებში.

ის არის მრავალი რეცენზირებული პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, რომლებიც ფოკუსირებულია ბაქტერიოფაგურ თერაპიაზე ქრონიკული, მორეციდივე და მულტი რეზისტენტული ინფექციების, მათ შორის საშარდე გზების, ქირურგიული ინფექციების, ფილტვების ინფექციების მკურნალობაში. ეს კლინიკური და სამეცნიერო ნაშრომები ხელს უწყობს მზარდ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს ფაგოთერაპიის, როგორც ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეპოქაში პერსპექტიული თერაპიული სტრატეგიის არსებობას.

მარიამ გელეიშვილი - ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელსაც აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის, ანტიმიკრობული სტიუარდშიფის, ეპიდემიოლოგიისა და ჯანდაცვის ხარისხის მართვის მიმართულებით. ამჟამად იგი მუშაობს JCI აკრედიტაციის მენეჯერად და ხელმძღვანელობს ჰოსპიტლის მასშტაბით ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების სისტემების განვითარებას. პარალელურად, იგი ასწავლის ინფექციების კონტროლისა და მართვის კურსს კლინიკური მენეჯმენტის პროგრამაში. დოქტორ გელეიშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროექტებსა და ეროვნულ ჯანდაცვის ინიციატივებში. იგი ფლობს მედიცინის დოქტორისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხებს.

ნინო ვარდია

გივი ჯავაშვილი

მზია ჯოხაძე

დავით სერგეენკო

ზურაბ ჭიაბერაშვილი

სანდრო კვიტაშვილი

ეკა ადამია

 

პროგრამის ღირებულება: 2100 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1100 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

II ეტაპი – 1000 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 11 მარტი. 

სწავლა დაიწყება 2026 წლის 17 მარტს.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • სამუშაო გამოცდილება
  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

ნინო ომიაძე

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 

ელ-ფოსტა: n.omiadze@gipa.ge

მობ: (+995) 598 92 66 91