30 დეკემბერს, 14 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძვლად, კომპიუტერული გრაფიკის და ვიზუალური ეფექტების მიმართულებით ვიზუალური ეფექტების ლაბორატორიის CG MULTILAB-ის პრეზენტაცია გაიმართა.
CG MULTILAB-ი, რომელიც კავკასიის რეგიონში Autodesk-ის პირველი ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი იქნება თებერვლიდან დაიწყებს სასწავლო პროგრამების განხორციელებას კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციის, ვიზუალური ეფექტებისა და არქიტექტურული ვიზუალიზაციის მიმართულებით. სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ GIPA-სა და Autodesk-ის ერთობლივ საერთაშორისო სერტიფიკატს. სტუდენტები პროფესიონალების დახმარებით შექმნიან საკუთარ პორტფოლიოს და სტაჟირებას გაივლიან ადგილობრივ კომპანიებში. სასწავლო პროგრამას ახორციელებს კავკასიის რეგიონში ერთადერთი Autodesk-ის სერტიფიცირებული ტრენერი, პროფესიონალ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად. სასწავლო პროგრამის ფარგლებში იგეგმება მასტერკლასები, რომელსაც ჩაატარებენ მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები კომპიუტერული გრაფიკის, სპეცეფექტების, ანიმაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.
20 წელზე მეტია, რაც GIPA საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მუდმივ სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს.