2012 -2016 წლებში სამართლისა და პოლიტიკის სკოლა ჩართული იყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ (TEMPUS) პროექტში “Migration and Higher Education – Building Skills and Capacity” (517002 – UNIMIG), რომლის მიზანიც იყო სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიგრაციის სწავლების ხელშეწყობა და გაძლიერება. პროექტის მიზანი იყო მიგრაციის კომპეტენციის ცენტრისა (სამივე ქვეყანაში) და რეგიონალური ონლაინ პლატფორმის ჩამოყალიბება, რაც თავის მხრივ, კვლევის მიზნებისთვისათვის გამოყენებულ იქნებოდა შესაბამისი მასალისა და მონაცემების გაზიარებისთვის, საერთო კვლევების განხორციელებისთვის და ონლაინ სწავლების დანერგვასა და ხელშეწყობისთვის. პროექტის კონსორციუმში შედიოდა 10 უნივერსიტეტი და 4 ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია მიგრაციის საკითხებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა არა ერთი სამუშაო შეხვედრა, კონფერენცია თუ სასწავლო ვიზიტი, კერძოდ:
- ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- ოლდენბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)
- გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია)
- ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)
- ბაქოს ინჟინერიის უნივერსიტეტი (ბაქო)
პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პროექტის ვებ გვერდზე: http://www.unimig.tsu.edu.ge/
პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2016 წელს შემუშავდა ახალი პროექტი “Promoting Migration Studies in Higher Education” (573554 - PROMIG), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაში. პროექტის მიზანი არის რეგიონთაშორის დონეზე საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარება და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია მიგრაციის ინტერდისციპლინური მიდგომებით სწავლების მეთოდების დანერგვის მიმართულებით. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს ავღანეთის ორ უნივერსიტეტში (ქაბულისა და თაბეშის უნივერსიტეტები) მიგრაციის სამაგისტრო პროგრამისათვის კურიკულუმის შემუშავებაში დახმარებასა და მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას. მიგრაციის კომპეტენციის ცენტრი 2017 წელს გაიხსნა ქაბულის უნივერსიტეტში და წარმოადგენს აკადემიურ, სამეცნიერო და საჯარო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში 2017-2018 წლებში გაიმართა პროფესორების სამუშაო შეხვედრების ციკლი, ევროპელი მოწვეული ლექტორების საჯარო ლექციები, ჩატარდა კონფერენციები. სტუდენტებსა და ახალგაზრდებში აკადემიური დისკუსიისა და მიგრაციის სფეროს პოპულარიზაციისთვის მიზნით 2018 წლის ზაფხულში დაგეგმილია სტუდენტური ფორუმის შექმნა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ავღანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან. ფორუმს უმასპინძლებს საქართველო, კერძოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. პროექტის მიხედვით, აღნიშნულმა ფორუმმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ყოველწლიური საზაფხულო სკოლის ფორმირებას.
პროექტის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია პროექტის ვებ გვერდზე: http://promig.tsu.edu.ge/home