GIPA-ს სტუდენტები Willem C. Vis საერთაშორისო არბიტრაჟზე

02 აპრილი, 2018

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის სკოლის გუნდმა, ქეთევან ქორქიას, თამუნა ოქრუაშვილის და მარიამ სურგულაძის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო 25-ე Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო რაუნდებში, რომელიც გაიმართა 2018 წლის 23 – 29 მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.. გუნდმა 6 თვიანი ინტენსიური მომზადება გაიარა შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრი 1994 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონკურსი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ამავე დროს ყველაზე ფართომასშტაბიან ღონისძიებად საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. 2018 წელს მონაწილეობას იღებდა რეკორდული რაოდენობა სამართლის სკოლების, კერძოდ კი 357 სამართლის სკოლა მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი Willem C. Vis-ის სახელობის შეჯიბრში წარმატებულ მონაწილეობას უკვე მეოთხე წელიწადია იღებს. წლევანდელი შეჯიბრის ფარგლებში GIPA-ს გუნდი შეხვდა Brooklyn Law School, Saarland University, Foundation Armando Alvares Penteado Law School, და Universita Degli Studi Di Verona-ს გუნდებს. მათ არბიტრებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.  

ჯიპა მადლობას უხდის გუნდის მწვრთნელებს მიხეილ შათაშვილს, ხატია გოგილაშვილს და თათია ბეჭვაიას გაწეული დახმარებისთვის. ჯიპა ასევე მადლობას უხდის იურიდიულ კომპანია „McGill”-ს, რომელმაც უზრუნველყო გუნდის ლოჯისტიკური მხარდაჭერა. შეჯიბრისთვის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყო კომპანიის ბიბლიოთეკა და მომზადებისათვის აუცილებელი მასალები.

ჯიპა ულოცავს გუნდს მიღწეულ შედეგს და უსურვებს კიდევ ბევრ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.