GIPA-ს საერთაშორისო კონფერენცია

23 თებერვალი, 2017

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 23 თებერვალს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით“. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კონფერენციის გახსნით სესიაზე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: • GIPA-ს რექტორმა - მაკა იოსელიანმა • საქართველოს პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა • ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - იანოშ ჰერმანმა • ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - იან კელიმ • იტალიის ელჩმა საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების, მათ შორის, GIPA-ს როლს ეფექტური მმართველობის ღირებულებების დამკვიდრებაში ქართულ საჯარო სექტორსა და საზოგადოებაში; ასევე ხაზი გაესვა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მნიშვნელობას. გახსნითი სესიის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIPA-სა და ბოკონის მენეჯმენტის სკოლას (იტალია) შორის. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდენ მკვლევარები ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან; კონფერენციის თემები მოიცავდა თანამედროვე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ეფექტური მმართველობითი მექანიზმების სწავლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით; საჯარო მმართველობის საუნივერსიტეტო კურსების განვითარებას; საჯარო მოხელეებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღვივებას პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით; ეთიკური ქცევითი მოდელების დამკვიდრებას საჯარო სამსახურში.