2017 წლის 27 მაისს GIPA-ს საჯარო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით პარლამენტის წევრები - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი სტუდენტებს შეხვდნენ. დეპუტატები მედიაკლუბში -„ფრონტლაინ ჯორჯია“ იმყოფებოდნენ, სადაც სტუდენტებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიზეზებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. მამუკა მდინარაძემ და ანრი ოხანაშვილმა ახალგაზრდებს კონსტიტუციური პროექტის ახალი ნორმები გააცნეს და იმ ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც, მათი თქმით, მოქმედ კონსტიტუციაში არ არის ასახული. შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, საარჩევნო სისტემა, მიწების გაყიდვის საკითხი, პრეზიდნეტის არჩევის წესი და სხვა აქტუალური თემები. აღსანიშნავია რომ ვენეციის კომისიასთან შეხვედრის შემდეგ პირველად სწორედ GIPA-ს სტუდენტებთან გაიმართა შეხვდრა და დეპუტატებმა ვიზიტის შესახებ ერთგვარი ანგარიში წარადგინეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, სტუდენტების მხრიდან ისეთი მოსაზრებები გამოითქვა, რომლებიც საყოველთაო-სახალხო განხილვების დროსაც გამოიკვეთა. მამუკა მდინარაძემ დღევანდელი შეხვედრა წარმატებულად შეფასა და განაცხადა, რომ სტუდენტების მხრიდან გამოთქმული რამდენიმე არგუმენტის შესახებ, მსჯელობა გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტუდენტებმა კონსტიტიუციური კანონის პროექტის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და მათთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.