საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლასა და ბოკონის მენეჯმენტის სკოლას (SDA Bocconi) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ორმაგი ხარისხის საერთო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც GIPA-ს მმართველობის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი წლით ისწავლონ ბოკონის უნივერსიტეტში და აიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” GIPA-დან აცნობეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) დაარსების დღიდან საერთაშორისო წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობს.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას კვლევით საქმიანობაში, აკადემიურ პერსონალს შორის ცოდნის გაზიარებას და ბოკონის მენეჯმენტის სკოლის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში GIPA-ს სტუდენტების მონაწილეობას.
”ბოკონის მენეჯმენტის სკოლა მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებს; ის მიჩნეულია იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტად, ხოლო ევროპაში ის 10 საუკეთესო უნივერსიტეტთა ნუსხაშია შესული. 1994 წელს, GIPA ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (DoS) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც დაარსების დღიდან ხელს უწყობს ჩვენს უნივერსიტეტს დასავლური სტანდარტების დამკვიდრებაში. დღეს ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებს უკვე ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობასაც ვთავაზობთ, ამის დასტური სწორედ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაა, რაც თავის მხრივ, უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის ქართულ საგანმანათლებლო ბაზარს”, - აცხადებენ GIPA-ში.