პრეზიდენტი - საჯარო სამსახური უნდა იყოს ეფექტური, მაღალკვალიფიციური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელი
საჯარო სამსახური ერთდროულად უნდა იყოს ეფექტური, მაღალკვალიფიციური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით“ გახსნისას მისასალმებელი სიტყვის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აგრძელებს მისიას იყოს ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ გადაწყდეს რამდენიმე მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს საჯარო სამსახურს, იმ ახალ სისტემას, რომელიც ინერგება.
„ჯიპა ყოველთვის იყო ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ვართ საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის და დანერგვის პროცესში. რა თქმა უნდა, აქ არის ახალი გამოწვევები, მაგრამ ნებისმიერ სისტემაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თუ საჯარო სამსახურის სტანდარტები არ ვითარდება, საჯარო სამსახური და შესაბამისად სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც სულ უფრო მზარდი სტანდარტით საზოგადოება და ამომრჩეველი წარუდგენს მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად იზრდებოდეს საჯარო სამსახურის სტანდარტი, როგორც მორალური სტანდარტი, ასევე პიროვნული და ასევე კვალიფიკაციაც.
„ამის განხორციელება განათლების სისტემის გარეშე, კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო წარმატება, ძალიან საინტერესო მაგალითები, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო მზად ვართ მივიღოთ ახალი ცოდნა. საჯარო სამსახური ერთდროულად უნდა იყოს ეფექტური, მაღალკვალიფიციური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების, პარტნიორების და საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო მაგალითს მივცემთ საზოგადოებას საჯარო რეფორმის მაღალი ხარისხის კუთხით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.