დღეს, 11 ივლისს, 19:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ (მისამართი: კუს ტბის ქუჩა №1) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებათა მართვის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა „ჩვენ არ ვცოცხლობთ ერთი სიცოცხლით“.
გამოფენის მიზანს წარმოადგენს იმ კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა რაც მუნიციპალური მუზეუმების სახით აქვთ თბილისს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სოსო წერეთლის მემორიალურ ბინა-მუზეუმში დაცული მხატვრის 60-მდე როგორც ცნობილი, ასევე აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ფერწერული ტილოები და მისი სადიპლომო ნაშრომი „მხატვრის ოჯახი“. ასევე - 8 მუნიციპალურ მუზეუმში დაცული ექსპონატების ფოტო-მასალა, რაც დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს, პირველად, ერთ სივრცეში გაეცნოს ყველა მუნიციპალურ მუზეუმს.
გამოფენა ტარდება სოსო წერეთლის მემორიალური ბინა-მუზეუმის თანამონაწილეობით.
ღონისძიების მეორე ნაწილში GIPA-ს ტრენინგების ცენტრის 21 სასერტიფიკატო პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულს, ამავე პროგრამების ლექტორები სერტიფიკატებს გადასცემენ.
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“, სარეკლამო კომპანია „outdoor.ge”, “Georgian Conference Time”, შპს „ყვარლის სარდაფი“, ს.ს. „თბილღვინო“, „კომპანია „კამპა“ .
თბილისში დღეს არსებული მუნიციპალური მუზეუმებია: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, სოსო წერეთლის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი და თოჯინების მუზეუმი.