ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 21 მარტს, 19:00 საათზე მედია კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართება საჯარო დისკუსია ქალთა უფლებების თემაზე: “რა პასუხი აქვს სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობაზე“
დისკუსიაზე მომხსენებლები იქნებიან: ეკატერინე სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეკატერინე სხილაძე ისაუბრებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. მოხსენებისას წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) შემთხვევებზე.
თამარ დეკანოსიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. თამარ დეკანოსიძე ისაუბრებს საქართველოში ქალთა მიმართ გენდერული დანაშაულების გამოძიებისა და დასჯის ტენდენციებზე. იგი მიმოიხილავს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოცდილებას ქალთა სიცოცხლის მოსპობასა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.
ნათია მეზვრიშვილი - საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს პროკურატურაში. ნათია მეზვრიშვილი ისაუბრებს ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, სისხლისსამართლებრივ დევნაზე და ამ დანაშაულებთან მიმართებით დამდგარ განაჩენებზე
დისკუსიის მოდერატორი იქნება - ვახუშტი მენაბდე, PROLoG-ის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი GIPA-ში
PROLoG ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
სამუშაო ენა იქნება ქართული. დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის ქ. 62