ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+-ის პროექტის „პოლიტიკის მეცნიერების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის“ (JoPScip) შესახებ კონფერენცია გაიმართა. პროექტის განხორციელებაში სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ოფიციალურად GIPA-ს პროფესორმა გიორგი მარგველაშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ ლუჩია დი ტროიამ გახსნეს. პროექტის მიღწევები და შედეგები GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროექტ JoPScip-ის კოორდინატორმა ანანო გორგოძემ (GIPA) და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროექტის კოორდინატორმა (თსუ) სალომე დუნდუამ წარადგინეს.
JoPScip-ი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ცვალებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის საპასუხოდ დაიწყო და მიზნად პოლიტიკის მეცნიერების სფეროში განათლების გაძლიერებას ისახავს. პროექტში ჩართულია ავსტრიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და საქართველოს ექვსი უნივერსიტეტი: GIPA, თსუ, პარის ლოდრონის სახელობის ზალცბურგის უნივერსიტეტი, სკოპიეს წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასევე აკადემიური, საერთაშორისო და სამოქალაქო სექტორის ექვსი ასოცირებული პარტნიორი.
პროექტის ძირითადი შედეგებია:
- ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებაში (PoSIG): 120 ECTS კრედიტი, 6 მოდული და 85 სასწავლო კურსის სილაბუსი;
- ევროპული ხარისხის უზრუნველყოფა და აკრედიტაცია: შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის ერთობლივი ჩარჩო; AQ Austria-მ პროგრამას გარე აკრედიტაციის ვიზიტი ჩაუტარა და მისი სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა;
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შესაძლებლობების განვითარება: ჩატარდა სატრენინგო პროგრამები, რომელმაც ექვსივე მოდული და პროექტის სხვადასხვა მიმართულებები მოიცვა;
- ციფრული სასწავლო სივრცე: ერთობლივი სწავლებისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა ვირტუალური საგანმანათლებლო სივრცე (VES);
- მდგრადი ერთობლივი მართვა: ჩამოყალიბდა პროექტის კომიტეტი, ხარისხის მართვის საბჭო, სასწავლო გეგმის საბჭო და ხარისხის უზრუნველყოფის საბჭო;
- რეგიონული და საერთაშორისო ხილვადობა: განხორციელდა 30 გავრცელებითი და 12 საკომუნიკაციო აქტივობა.
