17 ნოემბერს, GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, პროფესორ ლევან ზარდალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფსიქოლოგიაში ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
პროფესორი ლევან ზარდალიშვილი GIPA-ს გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ინიციატორი და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო. ის, ასევე, უძღვებოდა კომუნიკაციის ფსიქოლოგიის კურსს უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე.
კონფერენცია წელს უკვე მერვედ გაიმართა და მისი მიზანია პროფესორ ლევან ზარდალიშვილის ხსოვნის პატივისცემა, ფსიქოლოგიის მიმართულებით სტუდენტური კვლევების ხელშეწყობა და აკადემიური გამოცდილების გაზიარებისთვის სივრცის შექმნაა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა საკუთარი კვლევითი ნაშრომები წარმოადგინეს.
ლევან ზარდალიშვილის სახელობის ყოველწლიური კონფერენცია GIPA-ს აკადემიური ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია და ფსიქოლოგიის დარგის განვითარებასა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას ემსახურება.
