• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • სტუდენტური იდეები საზღვრებს მიღმა - GIPA და ლეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი კრეათონი

    30 ოქტომბერი, 2026

    27–28 ოქტომბერს GIPA-მ საერთაშორისო კრეათონს „სიმართლე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“  უმასპინძლა. პროექტი ლეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (LUAS) თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და მონაწილეობით განხორციელდა.

    გახსნით შეხვედრაში მონაწილეობდნენ GIPA-ს რექტორი მაკა იოსელიანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაქელიანი და LUAS-ის წარმომადგენელი ტანია ვან დენ ბერგე. სტუდენტებმა შერჩეული თემები წარადგინეს და სტუმრებთან ინფორმაციისადმი ნდობისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების შესახებ იმსჯელეს.

    ორი დღის განმავლობაში GIPA-ს სტუდენტები ნიდერლანდელ თანატოლებთან ჰიბრიდულ ფორმატში  შეისწავლეს დეზინფორმაციის გავრცელების ჯაჭვი  -  ინფორმაციის შექმნიდან მის გავრცელებასა და აუდიტორიაზე ზემოქმედებამდე. მონაწილეები აანალიზებდნენ პროცესში ჩართულ მხარეებს, მათ მოტივებს, გავრცელების არხებსა და შესაძლო ზიანს.

    განსახილველ შემთხვევებს შორის იყო დიპფეიკით განხორციელებული კორპორაციული თაღლითობა, არჩევნებთან დაკავშირებული მანიპულაციური აუდიოჩანაწერები, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი ფოტოები და ჯანმრთელობისა თუ სოციალური საკითხების შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია.

    შემდგომ ეტაპზე გუნდებმა შესაძლო გადაწყვეტებზე იმუშავეს, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების კამპანიების, ციფრული ინსტრუმენტებისა და ინფორმაციის გადამოწმების ხელშემწყობ იდეებზე. ბასტიან გროოტის ვორკშოპზე სტუდენტები ყალბი ინფორმაციის ამოცნობისთვის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებასაც გაეცნენ.

    GIPA-ში კრეათონს ადგილზე უძღვებოდნენ LUAS-ის წარმომადგენლები კარლო ბაკერი, მარკ ეკჰარტი და ბასტიან გროოტი, GIPA-ს მხრიდან კი  - მაკა დაუშვილი. ნიდერლანდელი სტუდენტები სესიებს ონლაინ უერთდებოდნენ და ქართველ მონაწილეებთან ერთად ვირტუალურ სამუშაო ჯგუფებში მუშაობდნენ. კრეათონმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, რეალური შემთხვევების კვლევა პრაქტიკული იდეების შემუშავებასთან დაეკავშირებინათ, განსხვავებული პერსპექტივები გაეზიარებინათ და საერთაშორისო გუნდში თანამშრომლობის გამოცდილება მიეღოთ.

    კრეათონი 2022 წლიდან ორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს ერთობლივი სწავლის, გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული იდეების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეები მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვების, სოციალური მეწარმეობისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე მუშაობდნენ. წლევანდელი პროექტი კი დეზინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ინფორმაციის სანდოობას დაეთმო.