• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • თბილისში DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

    07 სექტემბერი, 2026

    2 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის DUGEOR – Strengthening Capacities for the Implementation of Dual Education in Georgian Higher Education დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

    კონფერენციამ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები გააერთიანა. DUGEOR-ის მთავარი მიზანია საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა — ევროპული გამოცდილების შესწავლა, საქართველოს კონტექსტზე მორგებული მოდელის შექმნა, შესაბამისი სამართლებრივი და ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარება და უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელების პრაქტიკაში გამოცდა.

    კონფერენციის პირველი ნაწილი საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების სისტემური საფუძვლების შექმნას დაეთმო. წარმოდგენილი იყო DUGEOR-ის ფარგლებში შემუშავებული დუალური უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელი, საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების სამართლებრივი და ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოები, ასევე, ევროპული გამოცდილება დუალური პროგრამების ხარისხისა და „დუალურობის“ შეფასების მიმართულებით.

    დუალური უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი უნივერსიტეტისა და კომპანიის, როგორც ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სასწავლო გარემოს, ინტეგრირებაa. ამ მიდგომით, სამუშაო ადგილზე სწავლა საგანმანათლებლო პროგრამაზე უბრალოდ დამატებული პრაქტიკა არ არის. იგი პროგრამის ნაწილია, უკავშირდება განსაზღვრულ სწავლის შედეგებს და მენტორინგის, შეფასების, მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესაბამის მექანიზმებს მოიცავს.

    კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო დუალური უმაღლესი განათლების ინსტიტუციური მოდელების პრაქტიკულ განხორციელებას საქართველოში.

    DUGEOR-ის ფარგლებში საკუთარი მოდელები და საპილოტე გამოცდილება წარმოადგინეს ხუთმა ქართულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და მათმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა:

    • საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (GTU) — ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით;
    • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) — კომპანია Vengo-სთან თანამშრომლობით;
    • ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა / BNU-მ — INTERLOGGEORGIA LTD-სთან თანამშრომლობით;
    • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (TESAU) — Shumi Winery-სთან თანამშრომლობით;
    • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ (BSMA) — Wilhelmsen Port Services Georgia-სთან თანამშრომლობით.

    წარმოდგენილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დუალური უმაღლესი განათლების საერთო პრინციპები შეიძლება განსხვავებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიულ გარემოს მოერგოს. შესაბამისად, DUGEOR-ის ზოგადი მოდელის მიზანი არა ერთნაირი პროგრამების შექმნა, არამედ საერთო ჩარჩოს ჩამოყალიბებაა, რომლის ადაპტირებაც უნივერსიტეტებს საკუთარი პროგრამებისა და პარტნიორი ინდუსტრიების სპეციფიკის შესაბამისად შეუძლიათ.

    კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სტუდენტების გამოცდილებასაც. DUGEOR-ის საპილოტე პროცესში მონაწილე სტუდენტებმა ისაუბრეს სამუშაო გარემოში სწავლის გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენება რეალური პროფესიული ამოცანების გადასაჭრელად.

    დღე დასრულდა პანელური დისკუსიით, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების განვითარების ეროვნულ პერსპექტივებზე, უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და DUGEOR-ის შედეგების მდგრადობაზე.

    DUGEOR-ის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ქმნის საფუძველს, რომ საქართველოში დუალური უმაღლესი განათლება ცალკეული საპილოტე ინიციატივებიდან ეტაპობრივად გადაიზარდოს მდგრად მოდელში, სადაც უნივერსიტეტი და სამუშაო გარემო სტუდენტის ერთიანი სასწავლო პროცესის ნაწილია.