2026 წლის 25–26 ივნისს, GIPA-ს მმართველობის სკოლამ, ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და ქცევითი საჯარო პოლიტიკის საერთაშორისო ასოციაციასთან (International Behavioural Public Policy Association – IBPPA) თანამშრომლობით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE) ქცევითი საჯარო პოლიტიკის პირველი საერთაშორისო ვორქშოფი (International Behavioural Public Policy Workshop – IBPPW) გამართა.
ორდღიანმა საერთაშორისო ღონისძიებამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს, აკადემიურ მკვლევრებს, საჯარო პოლიტიკის ექსპერტებსა და პრაქტიკოსებს თბილისში მოუყარა თავი. ვორქშოფის მიზანი იყო ქცევითი მეცნიერების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და იმ შესაძლებლობების განხილვა, თუ როგორ შეიძლება ქცევითი მეცნიერების გამოყენება ეფექტიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. ვორქშოფი რეგიონში ქცევითი საჯარო პოლიტიკის პროფესიული და აკადემიური საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის ახალი პლატფორმა გახდა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ვლინდება და მოქმედებს ქცევითი მექანიზმები სხვადასხვა ინსტიტუციურ და კულტურულ გარემოში, როგორ შეიძლება ქცევითი ინტერვენციების დაგეგმვა, ტესტირება და შეფასება, ასევე, რა როლი შეიძლება შეასრულოს ქცევითმა მეცნიერებამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საჯარო პოლიტიკის ეფექტიანობის, მმართველობის ხარისხისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესებაში.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თეორიული, ემპირიული და ინტერდისციპლინური კვლევები, მათ შორის, მიმდინარე სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც საერთაშორისო პუბლიკაციებისთვის მზადდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონისთვის დამახასიათებელ საკითხებს, როგორიცაა ინსტიტუციური შესაძლებლობები, საჯარო პოლიტიკის განხორციელების გამოწვევები, ქცევითი მმართველობის პრაქტიკა და ქცევითი ინტერვენციების ეფექტიანობა. სამუშაო სესიებზე მოხსენებები წარადგინეს ქცევითი საჯარო პოლიტიკის სფეროს წამყვანმა საერთაშორისო სპეციალისტებმა, მათ შორის, რალფ ჰერტვიგმა (მაქს პლანკის ადამიანის განვითარების ინსტიტუტი, ბერლინი), იუვალ ფელდმანმა (ბარ-ილანის უნივერსიტეტი), ადამ ოლივერმა (ლონდონის ეკონომიკის სკოლა, IBPPA-ის დამფუძნებელი თავმჯდომარე), ლუჩია რაიშმა (კემბრიჯის უნივერსიტეტი), ჯუზეპე ველტრიმ (სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი).
ვორქშოფის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს GIPA-ს რექტორმა პროფესორმა მაკა იოსელიანმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეთ უორდმა და ქცევითი საჯარო პოლიტიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა პროფესორმა მაიკლ სანდერსმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ქცევითი მეცნიერების მზარდ მნიშვნელობას თანამედროვე საჯარო პოლიტიკის განვითარებაში და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმების აუცილებლობას რეგიონისთვის. ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ყურადღება გარდამავალ სახელმწიფოებში არჩევანის არქიტექტურისა და გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებებზე გაამახვილა.
ქცევითი საჯარო პოლიტიკის პირველი საერთაშორისო ვორქშოფის მასპინძლობით GIPA-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი როლი, როგორც რეგიონში საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, ინოვაციური კვლევებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის განვითარების წამყვანმა ცენტრმა.
