GIPA-სა და კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პარტნიორობით უნივერსიტეტის კამპუსში ახალი სტუდენტური კაფე-სივრცე გაიხსნა. პროექტი „კოკა-კოლას“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია სტუდენტებისთვის თანამედროვე, კომფორტული და მრავალფუნქციური გარემოს შექმნა.
ახალი სივრცე ახალგაზრდულ და ინოვაციურ კონცეფციაზეა დაფუძნებული. ის აერთიანებს სასიამოვნო გარემოს, მუსიკას და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და სტუდენტების სოციალიზაციას.
განათლების, ახალგაზრდების განვითარების და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული ინიციატივაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ახალი სივრცის გახსნის აღსანიშნავად, გაიმართა კიბერსპორტის ტურნირი FIFA-ში, სადაც GIPA-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი უნარები გამოევლინათ და საინტერესო და აზარტულ შეჯიბრებაში მიეღოთ მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ეს GIPA-სა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომლობის პირველი პროექტი არ არის. მხარეებს შორის წარმატებული პარტნიორობა უკვე წლებია გრძელდება და მომავალშიც არა ერთი ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების, განვითარების და თვითრეალიზაციის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
GIPA მადლობას უხდის კომპანიას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
