GIPA-ის სოციალურ მეცნიერებათა სკოლასთან არსებული ფსიქო-/ნეიროლინგვისტიკის ლაბორატორიის მკვლევარი, სოფო ცაგარეიშვილი, ერთი თვის განმავლობაში საფრანგეთში, კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში (Université Côte d’Azur) იმყოფებოდა. კოლეგებთან ერთად, ის მუშაობდა საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილ საკითხზე - ინსულტის შედეგად გამოწვეული ვერბალური კომუნიკაციის დარღვევის, ანუ აფაზიის, ფსიქო- და ნეიროლინგვისტური თავისებურებების კვლევაზე მუშაობდა.
საპილოტე კვლევის დასრულების შემდეგ გამართულ სემინარს GIPA-ის სოციალურ მეცნიერებათა სკოლასთან არსებული ფსიქო-/ნეიროლინგვისტიკის ლაბორატორიის კიდევ ერთი მკვლევარი თამარ გიორგობიანი შეუერთდა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა კვლევის წინასწარი შედეგები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დასახეს.
კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის მკვლევრებთან და აფაზიის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფთან (Collaboration of Aphasia Trialists – CATs) თანამშრომლობა გრძელდება უფრო ფართო პროექტის ფარგლებში, რომელიც ქართული ენისთვის აფაზიის კომპლექსური ტესტის (Comprehensive Aphasia Test – CAT) ადაპტაციას ისახავს მიზნად.
პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში აფაზიის დიაგნოსტიკისა და კვლევის განვითარებას, ასევე ქართული ენისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შექმნას.
