2025 წლის მარტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში GIPA-მ მუდმივმოქმედი კვლევის ეთიკის კომიტეტი შექმნა. კვლევის ეთიკის კომიტეტი არის უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ფარგლებში წარმოებული კვლევით/შემოქმედებითი საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფას საყოველთაოდ აღიარებულ ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებთან. მისი დანიშნულებაა კვლევის პროექტების/გეგმების განხილვა კვლევის მონაწილეთა ღირსების, ფუნდამენტური უფლებების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
კვლევის ეთიკის კომიტეტისადმი საკუთარი კვლევითი პროექტის კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებთან თავსებადობის დადგენის მიზნით მიმართვა შეუძლია ნებისმიერ მკვლევარს, რომლის სამეცნიერო კვლევაც იგეგმება უნივერსიტეტის ბაზაზე, უნივერსიტეტის თანამონაწილეობით ან უნივერსიტეტთან აფილირებულ დაწესებულებაში. კვლევის ეთიკის კომიტეტი კვლევის პროექტის/გეგმის უშუალოდ კვლევითი პროექტის დაწყებამდე შეფასებაზეა ორიენტირებული და არ იღებს განაცხადებს მიმდინარე ან შესრულებულ კვლევის ეთიკურ სტანდართებთან თავსებადობის დასადგენად. მსგავსი განაცხადები, ასეთის არსებობის პირობებში, არ ექვემდებარება განხილვას.
განაცხადი უნდა შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას საიმისოდ, რომ კვლევის ეთიკის კომიტეტმა შეძლოს კვლევის გეგმის ეთიკური შეფასება. კვლევის ეთიკის კომიტეტის წევრები უნდა დარწმუნდნენ, რომ კვლევაში მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკი და ტვირთი არ აღემატება მონაწილეთათვის მისაღებ ფარგლებს, ხოლო კვლევის პროცესში მონაწილეთა მოწვევა/შერჩევა წარიმართება შემდეგი სამი პრინციპის დაცვით: მონაწილეობა ნებაყოფლობითია; მონაწილეთა მოწვევა ხდება კვლევის მთავარი კითხვისა (მიზნისა) და მეთოდების შესაბამისად; და მონაწილეთა შერჩევა ხდება დისკრიმინაციის გარეშე.
ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის ეთიკის კომიტეტის საქმიანობის წესი
