GIPA-ს მხარდაჭერით კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

15 ნოემბერი, 2024

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა საავტორო უფლებების სრული დაცვით თარგმა კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი, რომელიც წარმოადგენს 2023 წლის ბოლო რედაქტირებულ გამოცემას და გახლავთ განმსაზღვრელი ჩარჩო ევროპის მასშტაბით და მის მიღმა კვლევის კეთილსინდისიერების სტანდარტების დასაცავად.

თავდაპირველად კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი შეიმუშავეს მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიების ევროპულმა ფედერაციამ (ALLEA) და მეცნიერებათა ევროპულმა ფონდმა (ESF), 2011 წელს და პერიოდულად ექვემდებარება განახლებას სამეცნიერო სივრცისა და გარემოს შესაბამის ცვლილებებთან ადაპტაციის კუთხით.

მისი პრინციპები რელევანტურია მთელ კვლევით სისტემასა და ყველა დისციპლინაში და გამოიყენება სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ თუ კერძო კვლევებში. ის შეიძლება საფუძვლად დაედოს ადგილობრივ, ეროვნულ ან კონკრეტული დისციპლინისთვის განკუთვნილ პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებს, ასევე, გამოიყენებოდეს არსებულ თუ ახალ კვლევით პრაქტიკასთან მიმართებით, როგორიცაა სამოქალაქო მეცნიერება ან მონაწილეობითი კვლევა. სამეცნიერო საზოგადოების თითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ უნდა აიღოს აქტიური პასუხისმგებლობა ასეთ  პრაქტიკებზე დაკვირვებასა და მათ ხელშეწყობაზე, ასევე, მათ საყრდენ პრინციპებზე (ALLEA, 2023).

კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი