GIPA-ს სამართლის სკოლის პროგრამის სტუდენტებმა ჰელგა პედერსენის იმიტირებული სასამართლო პროცესის (HPMCC) რეგიონულ რაუნდში წარმატებით იასპარეზეს. GIPA-ს გუნდს წარმოადგენდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: მარიამ ქარდავა, თამარ ირცხაილაიშვილი და ნია ლიჩკი. გუნდს GIPA-ს მოწვეული ლექტორი თამთა შამათავა ხელმძღვანელობდა.
HPMCC ევროპის ყველაზე პრესტიჟული იმიტირებული სასამართლო პროცესია და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) სიმულაციას წარმოადგენს. მისი მიზანია სტუდენტებში ადამიანის უფლებათა სამართლის პრაქტიკული ცოდნისა და პროფესიული უნარების გაღრმავება. წელს, მე-14 გამოშვების ფარგლებში, ევროპის მასშტაბით წამყვანი უნივერსიტეტების 80-მდე გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი ორი ეტაპისგან შედგება: რეგიონული რაუნდები, რომლებიც ევროპის სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და საერთაშორისო ფინალური რაუნდები, სადაც რეგიონული ტურებიდან შერჩეული 18 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპი, ტრადიციულად, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში იმართება.
GIPA-ს გუნდმა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 22 გუნდთან ერთად მალტის რეგიონულ რაუნდში იასპარეზა, რომელიც ვალეტას მართლმსაჯულების სასამართლოში გაიმართა. წლევანდელი ჰიპოთეტური საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აქტუალურ გამოწვევას - ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას სისხლის სამართლის პროცესში. სტუდენტებმა იმუშავეს ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა ალგორითმული გადაწყვეტილებების შესაბამისობა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში.
GIPA-ს გუნდმა ღირსეულად წარმოადგინა უნივერსიტეტი, გამოავლინა მაღალი აკადემიური მომზადება და წარმატებით უპასუხა დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ დასმულ კითხვებს. ამჟამად გუნდი მომდევნო რაუნდისთვის ემზადება.
