GIPA-ს სტუდენტური ფილმების ფესტივალი - GIPA DocU დასრულდა. უნივერსიტეტის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების და ციფრული მედიის საბაკალავრო პროგრამების და ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი დოკუმენტური, მხატვრული, ექსპერიმენტული და ესეი ფილმები წარუდგინეს.
კინოჩვენებები 8-დან 12 დეკემბრამდე ყოველ საღამოს იმართებოდა. ფესტივალის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
- ტრანსმედია პროექტის საუკეთესო იდეის ავტორებს ცოტნე ყაველაშვილს, ანა აბულაძეს, ელენე მახარობლიშვილსა და სოსო ჯაჭვლიანს პროექტის განსახორციელებლად ფულადი პრემია გადაეცათ. ამასთან, იდეის ავტორი ცოტნე ყავლაშვილი მხატვრული ფილმის ერთკვირიან სახელოსნოში მონაწილეობის მისაღებად თომას მურის უნივერსიტეტში (ბელგია) გაემგზავრება.
- ფილმის “ტყის ზღაპრები” ავტორები თამარ ოძელაშვილი, ნანუკა კეჭეყმაძე, ნიკა ოქრომჭედლიშვილი, მარიამ ამბროლაძე, მარიამ უთალიშვილი ერთკვირიან დოკუმენტური ფილმების კემპუსში მონაწილეობის მისაღებად უტრეხტში (ნიდერლანდები) გაემგზავრებიან.
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმის “ქვეაღმა” ავტორები მართა შერაზადიშვილი, ნატალია შაყულაშვილი, ანი სხირტლაძე ერთკვირიან დოკუმენტური ფილმების კემპუსში მონაწილეობის მისაღებად უტრეხტში (ნიდერლანდები) გაემგზავრებიან.
- საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმების “ჭიათურა ჩემი სიამაყეა” (ანასტასია ბახტურიძე), “ჰ” (ავტორი ანა ბოლქვაძე), “ჩვენ შორის” (ავტორი ლაურა ვირსეტი) ავტორებს პროექტების შემდგომი განვითარებისათვის ფულადი პრემიები გადაეცათ;
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმის “ნამჯა” ავტორები ნინი ამაშუკელი და დემეტრე წულაძე თომას მურის უნივერსიტეტში (ბელგია) ერთკვირიან სახელოსნოში მონაწილეობსი მისაღებად გაემგზავრებიან.
განსაკუთრებული აღნიშვნა მიიღეს ფილმებმა “თბილისური ეზოს ცხოვრება” (ავტორები სალომე ხუსკივაძე, სალომე სოსიაშვილი), “ორდროშობანა” (ავტორი გიო შუშტაკაშვილი) და ”შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა” (თიკუ კობიაშვილი).
აღსანიშნავია, რომ GIPA-ს აუდიო ვიზუალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებმა სულ ახლახანს მოიპოვეს აღიარება. თბილისის კინოფესტივალზე პრემია “ოქროს პრომეთე” გადაეცა GIPA-ს ორ კურსდამთავრებულს: თიკუ კობიაშვილს სადიპლომო ნამუშევრისთვის “შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა” და ქეთევან ვაშაგაშვილს ფილმისთვის “ცხრათვიანი კონტრაქტი”.
GIPA DocU 2012 წელს დაარსდა. ამ ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ან დაწყებული ფილმები მსოფლიოს საუკეთესო ფესტივალების ისეთ საკონკურსო სექციებში მოხვდა, როგორიცაა Vision Du Reel, Dok Leipzig, Hot Docs, ობერჰაუზენის ფესტივალი და სხვა. GIPA DocU-ს ალუმნის ბევრმა წარმომადგენელმა სწავლა დოკუმენტური კინოს ისეთ საერთაშორისო პროგრამებსა და სკოლებში გააგრძელა, როგორიცაა Doc Nomad, Close Up, ლონდონის კინოსკოლა, UCL, Goldsmith და ბევრი სხვა.
